სტრასბურგმა ნინო დათაშვილის პატიმრობისა და იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის საქმე განიხილვაში მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის საქმის განხილვა დაიწყო. ამის შესახებ ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იტყობინება.
ორგანიზაციის თქმით, სასამართლო საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და მე-8 მუხლის ფარგლებში იხილავს.
2025 წლის 9 ივნისს ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტების პროცესზე იყო მისული. მადატურების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, როდესაც სასამართლო შენობის დატოვება აიძულეს.
20 ივნისს სასამართლოს განჩინებით დააკავეს და ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 353²-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს). 21 ივნისს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, გირაოს გამოყენების შესაძლებლობის განხილვის გარეშე. 25 ივნისს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის გასაჩივრების შესახებ საჩივარი დაუშვებლად ცნო.
31 ივლისს სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა დანიშნა. მისი კანონიერება დაცვის მხარეს სადავოდ ჰქონდა გამხდარი. პენიტენციურ დაწესებულებაში დათაშვილს ამბულატორიული ფსიქიატრიული ექსპერტიზა მისი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ჩაუტარდა.
ევროპულ სასამართლოს PHR-მა და Validity Foundation-მა 2025 წლის 24 ოქტომბერს მიმართა. 29 ოქტომბერს ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო დათაშვილს პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
„ECtHR-ის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იქნება ეროვნულ დონეზე თავისუფლების უფლების განმარტების კუთხით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართლებრივი სტანდარტების განმტკიცება, რომლებიც გამორიცხავს სათანადო სამედიცინო და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ფსიქიატრიული ექსპერტიზის გამოყენებას ბრალდებულზე ზეწოლის, მისი სამართლებრივი მდგომარეობის დამძიმების ან უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვის მიზნით“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნინო დათაშვილს სამართლებრივ დახმარებას PHR და Validity Foundation უწევს.











