ჭეიშვილი: მოპასუხე მხარეს სამართლებრივი არგუმენტების უმწვავესი დეფიციტი აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა. მისი თქმით, პროცესი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ მოპასუხის მხრიდან სამართლებრივი არგუმენტების უმწვავესი დეფიციტია.
ჭეიშვილის განმარტებით, მოპასუხეები სხვადასხვა ტიპის პოპულისტური განცხადებებით, სასამართლო ტრიბუნიდან საზოგადოებაში იმ აღქმის შექმნას ცდილობენ, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ რეალური კონტრარგუმენტი, რომელიც სარჩელში შემოთავაზებული ბრალდებების გასაქარწყლებლად გამოდგება. ის აცხადებს, რომ ეს, რასაკვირველია, ასე არ არის.
მისივე თქმით, დღევანდელი სხდომა წინა დღეებისგან იმით გამოირჩევა, რომ მოპასუხე მხარე უფრო აქტიურად ცდილობს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნიდან, „რაც მიუღებელია პროცესის ჩატარების სტანდარტებიდან გამომდინარე“.
„ამასთან დაკავშირებით მათ არაერთი შენიშვნა მიიღეს. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება ასევე ერთსა და იმავე თემებზე არგუმენტირება აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და ესეც იყო აღნიშნული სხდომის მსვლელობისას. ჩვენ მოვისმინეთ აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, თურმე ნიკა გვარამია ემიჯნება ყველაზე უფრო მეტად ქართულ საქმეს, რომელიც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს , მის მიერ განხორციელებულ უპრეცედენტო ქველმოქმედებას, რომელიც, თავის მხრივ, 3.5 მილიარდ დოლარს აღწევს და ამ დროს, თურმე, ის არაფრის დიდებით არ ემიჯნება იმ სისტემურ დანაშაულებს, იმ ყოვლად ამორალურ, სასტიკ და სადისტურ ქმედებებს, რაც უკავშირდება სწორედაც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს“, - აღნიშნავს ჭეიშვილი.











