იეტენი: ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა რობ იეტენმა ნიდერლანდებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს ასევე შემიძლია გამოვაცხადო 500 მილიონი ევროს ღირებულების დამატებით სამხედრო დახმარების პაკეტზე. ის მოიცავს, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის საშუალებებსა და დრონებს, რომლებიც განკუთვნილია უწყვეტი რუსული საჰაერო თავდასხმებისგან დაცვისთვის“, - განაცხადა იეტენმა.
მისივე თქმით, ამ მომენტისთვის არავითარი ნიშანი არაა იმისა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინელების წინააღმდეგ ტერორი შეწყვიტოს. იეტენის თქმით, რუსეთი ცდილობს გატეხოს უკრაინა, „მისი საბრძოლო სულისკვეთება, საზოგადოება და ეკონომიკა, მაგრამ მას ეს არ გამოუვა უპირველეს ყოვლისა, თავად უკრაინელების არაჩვეულებრივი ძალისა და სიმტკიცის გამო“.
„ჩვენ, როგორც მოკავშირეებს, შემდგომშიც უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს უწყვეტ მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა იეტენმა.
პრემიერის თქმით, ნიდერლანდები მიესალმება ნებისმიერ ძალისხმევას, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს უკრაინისთვის მყარი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევას.











