კონფლიქტები

კიევზე რუსულ სარაკეტო დარტყმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 10 დაშავდა

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე ბალისტიკური დარტყმის შემდეგ - უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების ხელოვნური გაჭიანურება ტერორს უწყობს ხელს

რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა 10. დაშავებულთა შორის საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტებიც არიან.

უკრაინის საჰაერო ძალებმა წინასწარ გააფრთხილა, რომ რუსეთის ბრიანსკის ოლქიდან ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის საფრთხე არსებობდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია ჩერნიგოვის ოლქიდან კიევის მიმართულებით რაკეტების გაშვების შესახებაც.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დარტყმა ქალაქის დესნიანსკის რაიონში, მეტროსადგურთან ახლოს მოხდა. მოგვიანებით მან თქვა, რომ დაბომბვის შედეგად დნეპრის რაიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა კიევში უნივერსიტეტის ტერიტორიასა და მის მიმდებარე სივრცეს დაარტყა: სტუდენტურ კამპუსს, კიოტოს პარკს, მეტროს სადგურის მიმდებარე ტერიტორიასა და საცხოვრებელ სახლებს.

ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა: „როდესაც საფრთხე მუდმივია, როდესაც დარტყმები ნებისმიერ მომენტში შეიძლება განხორციელდეს და უშუალოდ ქალაქებსა და სოფლებს დაემუქროს, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების ხელოვნური გაჭიანურება ტერორს უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ დონეზე მიღწეული შეთანხმებები გუნდების დონეზე დაუყოვნებლივ შესრულდეს. აუცილებელია, ჩვენმა პარტნიორებმა გააცნობიერონ: უკრაინას სჭირდება სათანადო საშუალებები რუსული ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების გასანადგურებლად. ეს ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის ყველაზე ეფექტური გზა იქნებოდა. მნიშვნელოვანია, მსოფლიომ დაინახოს, რომ რუსეთი არაფერს ავლენს, გარდა მკვლელობისა და ომის გაგრძელების სურვილისა. უკრაინა ამ გამოწვევის წინაშე მარტო არ უნდა დარჩეს; ომის გაგრძელება და ადამიანების დაღუპვა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ბრალია. გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარ თავს. ყველა პარტნიორი უკრაინის გვერდით უნდა დადგეს - ადამიანთა სიცოცხლის დასაცავად“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ