ოლეშკის მიდამოებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა, ქალაქში 6 ათასი ადამიანია

უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ქალაქის, ოლეშკის მიდამოებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა.
ლუბინეცის თქმით: „დღეს, კიევის დროით 03:00 საათზე და მოსკოვის დროით 04:00 საათზე, ჰუმანიტარული მისიის განხორციელებასთან დაკავშირებით გარკვეულ ტერიტორიებზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. მხარეები იცავენ იმ შეთანხმებებს, რომლებსაც რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულ იან ლანტრატოვასთან მივაღწიეთ“.
ომბუდსმენის განმარტებით, ცეცხლის შეწყვეტა ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში ამოქმედდა. მისიას უკრაინა რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულ იან ლანტრატოვასთან ერთად, აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობითა და კოორდინაციით ახორციელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტა დაადასტურა. უწყების განცხადებით, ოლეშკის მიდამოებში ჰუმანიტარული ოპერაციის მომზადებასთან დაკავშირებით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მიმართულებით ცეცხლი შეწყვიტეს და 2026 წლის 27 ოქტომბერს, 04:00 საათიდან, „სიჩუმის რეჟიმი“ შემოიღეს.
ოლეშკი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან ოკუპირებულია. 2026 წლის მაისიდან ქალაქში საკვების მიწოდება ვერ ხერხდება, რუსული არმია კი მოსახლეობას ევაკუაციის საშუალებას არ აძლევს. უკრაინის მონაცემებით, რუსული ბლოკადის პირობებში ქალაქში 6 ათასი ადამიანია.
თეთრმა სახლმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია. განცხადების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, დროებით შეაჩერონ საბრძოლო მოქმედებები ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო დერეფნით ევაკუაციის მოსამზადებლად.
მელანია ტრამპმა განაცხადა: „დღეს ოლეშკიში ვითარება საშინელია. ოლეშკი ფრონტის ხაზზე ქალაქია, რომელიც კატასტროფის ზღვარზე იმყოფება. ოლეშკიში დარჩენილი მოსახლეობა ძირითადად შედგება მოხუცებისგან, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას, მედიკამენტებს, საკვებსა და სუფთა წყალს. სრულიად ნათელი იყო, რომ ჩემი ჩარევის გარეშე ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა და მოხუცი ხალხის ევაკუაცია შეუძლებელი იქნებოდა“.











