ხვედელიანი: პარტიების აკრძალვით ქვეყანა დიქტატურის დეკლარირებულ სივრცეში გადადის

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საკონსტიტუციო სარჩელი განსხვავებული აზრის დევნად შეაფასა. მისი თქმით, ეს პროცესი ერთი ან რამდენიმე პარტიის უბრალოდ გაუქმებას არ ნიშნავს, ეს არის განსხვავებული აზრის არაკონსტიტუციურად გამოცხადება.
ხვედელიანმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელზე მოსაუბრე არჩილ გორდულაძე რეალურად „სისხლის სამართლის ბრალდებულია“, რადგან „იგი მთელი საქართველოს დასანახად პირდაპირ ეთერში ძალადობდა პარლამენტის წევრებზე“.
„ოთხი დღის ბოლოს ჩვენ კიდევ არ ვიცით, ვისდამი რა ბრალდებაა წარდგენილი, ვის მიემართება პრეტენზიები, ბრალდებები. არჩილ გორდულაძე, ადამიანი, რომელიც სისხლის სამართლის ბრალდებულია იმიტომ, რომ მთელი საქართველოს დასანახად პირდაპირ ეთერში ვნახეთ, როგორ ძალადობდა ის პარლამენტის წევრებზე, ეს ადამიანი წარმოადგენს დღეს „ოცნებას“, ეს ადამიანი გვესაუბრება რაღაც კანონებზე, სარჩელზე და გვესაუბრება იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალი მიგვიძღვის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ყველა მედიას ექნება უამრავი ვიდეო, რომელშიც გამოხატულია ჩვენი მკაფიო აზრი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ ვიძახით, რომ 4 ოქტომბერი ეს არის პროვოკაცია. 4 ოქტომბერი ჩვენთვის იყო მიუღებელი, ნებისმიერი ძალადობა იყო მიუღებელი და ჩვენ არ გვჯეროდა არავითარი მშვიდობიანი დამხობის“, - განაცხადა ხვედელიანმა.
მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვად ჩასათვლელ პარტიათა სიაში „შურისძიების გამო“ მოხვდა გიორგი გახარიას მიმართ და მიზნად ისახავს, რომ გახარიამ პოლიტიკური აქტიურობა შეწყვიტოს. ხვედელიანის შეფასებით, პარტიების აკრძალვა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ამ პროცესში ჩართული ყველა ადამიანისთვის.
„მე მიმაჩნია, რომ პარტიების გაუქმების გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა გადადის ახალ სივრცეში. ეს ძალიან დამაზიანებელი სივრცეა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ფაქტობრივად დიქტატურის დამკვიდრებაა, დადასტურებაა. ავტორიტარული რეჟიმი მაინც ინარჩუნებდა ნიშნებს იმისა, რომ შეიძლებოდა შეცვლილიყო მდგომარეობა, მაგრამ ამ პროცესებიდან გამომდინარე, დადასტურებულად, დეკლარირებულად დიქტატურა იქნება გამოცხადებული. შესაბამისად, ეს ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება. ასევე, უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება პერსონალურად ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართული, პირველ რიგში იმ დეპუტატებისთვის, მოსამართლეებისთვის“, - განაცხადა ხვედელიანმა.











