ბიბილაშვილი საკონსტიტუციოში: სარჩელით რუსეთის 2008 წლის აგრესიის ლეგიტიმაცია სურთ

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა ახსნა-განმარტებების ეტაპზე გრძელდება. არჩილ გორდულაძის შემდეგ პოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა წარადგინა.
ბიბილაშვილის შეფასებით, სარჩელის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსეთის სამხედრო აგრესია დალეგიტიმდეს. მეორე მიზანი კი ის არის, რომ „ქართული ოცნება“ უკონკურენტო არჩევნების პირობებში განუსაზღვრელი ვადით დარჩეს ხელისუფლებაში.
„სარჩელის მიზანია, კონსტიტუციურ დონეზე დაადასტუროს ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის მტკიცება, რომ 2008 წლის მისი სამხედრო აგრესია იყო ლეგიტიმური, რადგან ამის საფუძველი შექმნა საქართველომ. შედეგი იქნება ზუსტად ეს – რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დონეზე“, – თქვა ბიბილაშვილმა.
სარჩელში „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებებმა ხელი შეუწყო კონფლიქტის ესკალაციას, 2008 წლის აგვისტოს ომსა და ტერიტორიების ოკუპაციას. დოკუმენტში ნახსენებია 2004-2008 წლებში საომარი რიტორიკისა და კონფრონტაციული პოლიტიკის წარმოება, 2006 წელს ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული არჩევნების ჩატარება, რასაც მოსარჩელეები სეპარატისტული სტრუქტურების ირიბ ლეგიტიმაციად აფასებენ, 2007 წელს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნა და 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებები.
არგუმენტების გასამყარებლად მოსარჩელეებს მოჰყავთ თეა წულუკიანის დასკვნა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და 2009 წლის ტალიავინის საერთაშორისო მისიის ანგარიში.
ბიბილაშვილის თქმით, მოსარჩელე მხარე სარჩელში ერთმანეთში ურევს პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას, არ ასხვავებს სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიას. „შედეგად, კონსტიტუციური წესწყობილება ჩანაცვლებულია მმართველი პარტიის ძალაუფლებით“, – განაცხადა მან.
მისი შეფასებით, თუ მოსარჩელეთა მიზანი ჯანსაღი ოპოზიციის შექმნაა, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რა ვადაში მიიჩნევენ ისინი ამას შესაძლებლად. ბიბილაშვილის აზრით, 2028 წლისთვის ჯანსაღი ოპოზიციის შექმნა ვერ მოხერხდება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენას უკონკურენტო არჩევნების პირობებში გამოიწვევს.
მან ყურადღება გაამახვილა იმ განცხადებებზეც, რომელთა მიხედვითაც, თუ რომელიმე პარტიას საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი გაუჩნდება, ისიც შეიძლება აიკრძალოს. „აშკარაა, რომ სარჩელი მოკლებულია ლეგიტიმურ მიზანს“, – თქვა ბიბილაშვილმა. მისი თქმით, მოსარჩელე მხარემ შესაძლოა უარყოს, რომ ასეთი შედეგი სურს, თუმცა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შედეგი მაინც იგივე იქნება.
ბიბილაშვილმა სარჩელი კონსტიტუციის ხელში ჩაგდების, ავტოკრატიული ლეგალიზმისა და სამართალწარმოების ბოროტად გამოყენების მაგალითად შეაფასა. მისი განცხადებით, მიზანია ერთი პარტიის მიერ ძალაუფლების უზურპაცია, მოქალაქეებისთვის რეალური პოლიტიკური არჩევანის წართმევა და დე ფაქტო ერთპარტიული მმართველობის დაკანონება.
„მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არც პირველი რესპუბლიკის დროს და არც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, 1991 წლის მერე. მსგავსი რამ ხდებოდა მხოლოდ საბჭოთა ოკუპაციის დროს და მსგავსი რამის მიჯნაზე ვართ ახლა“, – განაცხადა მან.
ბიბილაშვილმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ძალაუფლების მითვისებას კრძალავს. მისი განმარტებით, უზურპაციის საფრთხე მხოლოდ ძალადობრივი გადატრიალებისას არ წარმოიშობა, ის მაშინაც არსებობს, როცა მმართველი უმრავლესობა სამართლებრივი ფორმებით გამორიცხავს არჩევნებით ხელისუფლების შეცვლას. ავტოკრატიული ლეგალიზმი, მისივე თქმით, დემოკრატიის ეროზიის ფორმაა, როცა სისტემის მოშლა ფორმალურად კანონიერი ინსტრუმენტებით მიმდინარეობს.
მისივე განცხადებით, სარჩელში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეები შერჩევითაა ციტირებული, პარტიების აკრძალვის მოდელი კი კონტექსტის გარეშეა მოხმობილი. ბიბილაშვილის შეფასებით, მიზანსაწინააღმდეგოა საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენება მმართველი პარტიის კონკურენტების წინააღმდეგ, რადგან ამ ინსტიტუტის დანიშნულება დემოკრატიული კონკურენციის დაცვაა.











