პოლიტიკა

სიჭინავა საკონსტიტუციოში მოსარჩელეს „უტიფარ ტყუილს“ ედავება: 4 ოქტომბერთან კავშირი არ გვქონია

ბერდია სიჭინავა - ჩვენ პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებით რაც ილაპარაკეს, აბსოლუტური სიცრუეა - ყველა ტყუილს ადეკვატურ პასუხს გასცემს ჩვენი მხარე

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ მათ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში გაჟღერებული ინფორმაცია აბსოლუტური სიცრუეა. მისი თქმით, ყველა ტყუილს მათი მხარე ადეკვატურ პასუხს გასცემს. განცხადება მან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ გააკეთა.

სიჭინავას თქმით, მოსარჩელე მხარემ იკადრა ტყუილი, თითქოს პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ რაიმე კავშირი ჰქონდა 4 ოქტომბრის საქმესთან.

„ისიც იკადრეს ამ დარბაზში ეთქვათ, რომ 4 ოქტომბერთან რაიმე კავშირი გააჩნია ჩვენ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პირველი დღიდან იძახდა, რომ ეს იყო ავანტიურა და დანაშაული დაგეგმილი სუს-ში და „ქართული ოცნების“ ოფისში, მოქალაქეები არ უნდა ყოფილიყვნენ ამის ნაწილი და უნდა მისულიყვნენ არჩევნებზე. იკადრეს, რომ უტიფარი ტყუილით წარმდგარიყვნენ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე. ახსნა-განმარტების ჩვენი დრო როცა მოვა, ყველა ტყუილს ადეკვატურ პასუხს გასცემს ჩვენი მხარე. არ შეიძლება უტიფრად ამტკიცო შავზე თეთრი, თეთრზე შავი“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ