სამადაშვილი: პარტიების აკრძალვა ივანიშვილისთვის დამატებითი პრობლემების დასაწყისი იქნება

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, პარტიების აკრძალვა, რა ფორმითაც არ უნდა მოხდეს ის, ბიძინა ივანიშვილისთვის დამატებითი პრობლემების დასაწყისი იქნება, მათ შორის საერთაშორისო წნეხის თვალსაზრისით. მისივე შეფასებით, როგორც ჩანს, რუსეთის დავალება მაინც უნდა შესრულდეს. სამადაშვილმა ეს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, კრემლს სურს, თავი დაიზღვიოს მოვლენების ისეთი განვითარებისგან, როგორიც რამდენიმე ქვეყანაში მოხდა, „სადაც სიტუაციას რუსეთი აკონტროლებდა, ხალხმა კი პრორუსი მთავრობა მოიშორა“.
სამადაშვილი ამბობს, რომ მიაჩნია, რომ საქართველოში პროევროპული პარტიების აკრძალვა რუსეთის მოთხოვნა იყო. მისი განმარტებით, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ საქართველოში ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარს ამბობს, არამედ ისიც, რომ თავი დაიზღვიოს მოულოდნელობებისგან. მისი თქმით, ივანიშვილის დავალება რუსეთისგან ყველა პროევროპული მოთამაშის განადგურებაა.
სამადაშვილის თქმით, რუსული კანონი თბილისში დაიწერა და მისი მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებაა. მან ანტიკონსტიტუციურ კანონებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათზე „ლელოს“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი. პარტიების აკრძალვა კონკრეტული კანონების საფუძველზე ხდება, ამ კანონებზე კი, მისი თქმით, ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ ისინი ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგს არყევს.
სამადაშვილმა თქვა, რომ ჯერ ამ კანონების კონსტიტუციურობის საკითხი უნდა განხილულიყო და მხოლოდ შემდეგ მათ საფუძველზე დაწერილი სარჩელი, თუმცა ამაზე უარი უთხრეს. მისი თქმით, ეს სარჩელი თუ დაკმაყოფილდა, ის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებისთვის სამართლებრივ საფუძველს შექმნის. მეორე პრობლემა კი ის არის, რომ ეს საბოლოოდ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს.
სამადაშვილის განცხადებით, ივანიშვილს შეუძლია პარტია აკრძალოს, მაგრამ ვერ აკრძალავს მილიონზე მეტ ადამიანს, ვისაც ქვეყანაში ცვლილება სურს და ეს რაოდენობა იზრდება.
სამადაშვილმა ციხეებში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლება ხალხზე ზრუნვის ნაცვლად შიდა კრიმინალური გარჩევებითაა დაკავებული. მისი თქმით, კრიმინალური სამყარო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება, არა მხოლოდ არჩევნებისთვის, არამედ დარბევისა და მოქალაქეებზე თავდასხმის დროსაც. მისი ვარაუდით, კრიმინალური დანაყოფი სუს-იდან იმართებოდა, ახლა კი სუს-ის მმართველობის ზედა რგოლებში რყევებია, რამაც კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს შორის სიტუაცია გააუარესა.
„ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ იმაზე, რომ კრიმინალური სისტემა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ვერტიკალთან არის შერწყმული“, - განაცხადა სამადაშვილმა. მისი თქმით, როცა კრიმინალური სამყარო სისტემის ნაწილია და მართვის ზედა რგოლში რყევებია, ეს ბუნებრივი შედეგია, რომელიც საქართველოს მოქალაქისთვის ყველა ასპექტში გაუარესებულია.











