კირცხალია: აგენტურას გარე დაფინანსება რომ შეეზღუდა, ე.წ. მუხტი გაქრა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ოპოზიციის ალიანსის“ ორგანიზებულ აქციას გამოხმაურა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ე.წ. მუხტი ჩაიფუშა და გაქრა.
კირცხალიას განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები „დაკვეთასა და ბინძურ დაფინანსებაზე“ იდგა. „ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ აქციას არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, არაფერზე არ იდგა ეს აქციები. მხოლოდ და მხოლოდ ერთზე იდგა, დაკვეთაზე და ბინძურ დაფინანსებაზე. რა დაფინანსება იყო და რას ხმარდებოდა, საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა, მათ შორის გამოძიების დამდგარი შედეგებით“, - განაცხადა მან.
კირცხალიამ უმრავლესობის სხდომაზე განხილულ საკითხებზეც ისაუბრა. მისი თქმით, განიხილეს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგი და სხვა მიმდინარე თემები, მათ შორის პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში. მან აღნიშნა, რომ ამ კვირის ყველაზე აქტუალური თემა სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი იქნება. სარჩელს უმრავლესობის მხრიდან ოთხი დეპუტატი წარმოადგენს.
კირცხალიას შეფასებით, დღევანდელი დღე საკონსტიტუციო სასამართლოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან „საზოგადოებისთვის ერთიანად პასუხი გაეცა ყველა სპეკულაციურ შეკითხვას“. მისი თქმით, ორივე მხარეს ჰქონდა საშუალება, წარმოედგინა თავისი დასაბუთება, ხოლო მათი წარმომადგენლის სიტყვა უმნიშვნელოვანესი იყო.
უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, სარჩელის შედგენასა და პოზიციის ჩამოყალიბებაში მაქსიმუმს აკეთებენ, რათა „ერთხელ და საბოლოოდ გამოვიდეს ქვეყანა იმ წრედიდან, რასაც ჰქვია ოპოზიციურ ფლანგზე აგენტურული ქსელის საქმიანობა“.











