გვარაკიძემ და ვარდაპეტიანმა სამართლებრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის გენერალურ პროკურორ ანა ვარდაპეტიანს შეხვდა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ განაცხადა.
შეხვედრა გენერალურ პროკურატურაში გაიმართა, ვარდაპეტიანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში. ქართული მხრიდან მას ესწრებოდნენ გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე კახაბერ მურადაშვილი, მოადგილე ამირან გულუაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა. სომხეთის მხრიდან მონაწილეობდნენ გენერალური პროკურორის მოადგილე ეგიაზარ ავაგიანი, მრჩეველი ლუსინე მარტიროსიანი და საქართველოში სომხეთის საელჩოს მრჩეველი ჰრანტ ვოსკანიანი.
უწყების ინფორმაციით, გვარაკიძემ სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა სომხეთის გენერალურ პროკურორს. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა მართლმსაჯულების მიმართულებით ეფექტიან თანამშრომლობას უწყობს ხელს.
შეხვედრაზე მხარეები სისხლის სამართლის სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობასა და დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიან მიმართულებებზე საუბრობდნენ. ასევე გამოთქვეს მზაობა, რომ სამომავლო თანამშრომლობა გააძლიერონ.











