კოპალეიშვილი: სასამართლო დიქტატურის დამყარებაში მიიღებს მონაწილეობას, თუ „ქართულ ოცნებას“ დაეხმარება

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა მაია კოპალეიშვილმა პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სასამართლოსგან „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებული გადაწყვეტილების მოლოდინი რთულია. მისივე თქმით, სასამართლომ უნდა იცოდეს, რომ თუ თავისი გადაწყვეტილებით „ქართულ ოცნებას“ დაეხმარება, ქვეყანაში დიქტატურის დამყარებაში მიიღებს მონაწილეობას.
კოპალეიშვილის შეფასებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ქვეყანაში „დემოკრატიას ანგრევს“ და პირდაპირ ეხება ადამიანების თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას და უფლებას.
მისი განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში სპეციალური ნორმებია ჩადებული. ეს ნორმები „ქართული ოცნების“ ინტერესების გათვალისწინებით ითვალისწინებს საქმის წარმოებას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც შემდგომ შესაძლოა პოლიტიკური პარტიის შექმნის ინტერესი გაუჩნდეთ და რომლებიც მანამდე აკრძალული პარტიის წევრები იყვნენ.
კოპალეიშვილის თქმით, პარტიების აკრძალვა მთლიანად ანგრევს დემოკრატიას და პოლიტიკურ პლურალიზმს, ამიტომ განსხვავებული პოლიტიკური აზრის მოსმენის შესაძლებლობა აღარ იარსებებს. მისი შეფასებით, ეს კონსტიტუციურ უფლებას არღვევს.
სტატიაში მოხსენიებული პირები











