გეგელია ზურაბაშვილის დანიშვნას „რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებას“ უწოდებს

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა „რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებად“ შეაფასა.
გეგელიას განცხადებით, იმ დღეს, როცა რუსეთის დავალებით ხუთ დამოუკიდებელ, პროევროპულ პოლიტიკურ ძალას აუქმებენ, პრემიერ-მინისტრმა კადრის დანიშვნა გამოაცხადა. მისი თქმით, ეს „პირდაპირ ცინიკური გზავნილია, რომ რუსეთის დავალებით უქმდება პარტიები და ამავე დღეს, სინქრონში ინიშნება ადამიანი, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობების დათბობა უნდა განახორციელოს“.
გეგელიამ აღნიშნა, რომ რეჟიმს, რომელმაც პრაქტიკულად ევროკავშირის ყველა სახელმწიფოსა და აშშ-თან ურთიერთობები მოსპო, პრიორიტეტად რუსეთთან პოლიტიკური დაახლოება აქვს. მისი თქმით, ზურაბაშვილი ამ პოზიციაზე დანიშნული პირველი კადრი არ არის და ეს ადმინისტრაციის გასული წლების საკადრო პოლიტიკის გაგრძელებაა, თუმცა დანიშვნის თარიღი „მრავლისმთქმელია“.
გეგელიას შეფასებით, ეს აჩვენებს კობახიძის ადმინისტრაციის სურვილს, რომ საქართველო რუსეთთან რაც შეიძლება მჭიდროდ იყოს გადაჯაჭვული. „ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ საქართველოს სწრაფი ტემპით ხდება რუსეთის უმნიშვნელო, კორუმპირებული ჭაობის სატელიტი“, - განაცხადა მან.
სტატიაში მოხსენიებული პირები











