სააკაშვილი ფეიქრიშვილის საქმეზე: ივანიშვილი „ბესპრედელშიკია“

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გლდანის ციხეში დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, მომხდარით ბიძინა ივანიშვილი „ყველას ეუბნება, რომ ჯერ ციხეში ჩასვამენ და მერე იქ ყველაზე დაუცველები იქნებიან“.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის ციხეში კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელს, ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სხვა ბრალდებულები: ვატო ყიფიანი და კიდევ ოთხი პირი.
სააკაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები ციხიდან არ მოეწონა, ამიტომ ბერა ივანიშვილის უახლოეს სამეგობროს უთხრა, რომ ეს ამბავი მოეგვარებინათ.
სააკაშვილი წერს: „ჩემთვის უკვე დღესავით ნათელია თუ რა მოხდა. ივანიშვილს არ მოეწონა ძმები ფეიქრიშვილების წერილები ციხიდან. ბერას უახლოეს სამეგობროს, კაწროს და ყიფიანს უთხრეს, როგორც გინდათ ისე მოაგვარეთ ეს ამბავიო.“ მისი შეფასებით, ვაკის პარკის კაფეში ჩხუბის სცენა დადგმული იყო, ესენი ვითომ დაიჭირეს, ციხეში მიუშვეს და იქ ფეიქრიშვილებს გაუსწორდნენ. სააკაშვილი ამბობს, რომ ფეიქრიშვილების საკანში სათვალთვალო კამერა არ აღმოჩნდა, მაშინ როცა სისტემის ყველა სხვა საკანშია.
დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის, პაატა გოიაშვილის ინფორმაციით, მის საკანში შეასახლეს ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო), შოთა ყიფიანი, კაჭარავა და გოცირიძე, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ფეიქრიშვილს. შედეგად მან სხეულზე დაზიანებები, მათ შორის მოტეხილობები მიიღო. ადვოკატის თქმით, ისინი „მობილურ ტელეფონზე დაყენებულ კოდს“ ითხოვდნენ. ძალადობის შემდეგ „ძმის სიცოცხლის გადასარჩენად“ გოგა ფეიქრიშვილმა, რომელიც სხვა საკანში ზის, ვენები გადაიჭრა.
პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეებისგან ძალადობას ადგილი არ ჰქონია. განცხადების მიხედვით: „ის გამოიყვანეს ადვოკატთან, რა დროსაც მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია დერეფანში ფანჯრის მინა და თვითდაზიანებით იმუქრებოდა“.
დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას უარყოფს ვატო ყიფიანიც. მისი ადვოკატის განმარტებით, ყიფიანი დავით ფეიქრიშვილთან საკანში შესახლებასა და კონფლიქტს კატეგორიულად გამორიცხავს და მიიჩნევს, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.
დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ დაიწყო.
სტატიაში მოხსენიებული პირები











