პოლიტიკა

კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობებში ახალი ეტაპი არ იწყება

კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობებში ახალი ეტაპი არ იწყება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის „რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება“. ამით მან უპასუხა კითხვას, რას უკავშირდება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა და ხომ არ იწყება ურთიერთობის ახალი ეტაპი.

კობახიძის თქმით, საქართველოს აქვს კონკრეტული ამოცანები და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობაა საჭირო.

„არა, რეალურად, რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება. აქამდე შვეიცარიის საელჩოში ჩვენი სექცია აქტიურად მუშაობდა. ჩვენ დავინახეთ იმის საჭიროება, რომ სექციის მუშაობის პარალელურად, ამ თანამდებობაზე დაგვენიშნა პირი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები - კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ჰუმანიტარული ურთიერთობების შენარჩუნება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. სამივე მიმართულებით არის აქტიურად სამუშაო. ჟენევის ფორმატი არსებობს და გრძელდება მუშაობა, სექცია მუშაობს, თუმცა ამასთან ერთად, ჩვენ დავინახეთ სპეცწარმომადგენლის ხელახლა დანიშვნის საჭიროება,“ - განაცხადა კობახიძემ.

იმ კითხვაზე, ცალკეული ქართული კომპანიების ნაწარმთან დაკავშირებული ემბარგოს გამო ხომ არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, პრემიერმა უპასუხა, რომ არა.

„არა. რა თქმა უნდა, ზოგადად, ამ საკითხებზე მუშაობა არის პრიორიტეტული, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გამხდარა ამ გადაწყვეტილების საფუძველი. ჩვენ ზოგადად დავინახეთ სპეცწარმომადგენლის დანიშვნის საჭიროება,“ - აღნიშნა პრემიერმა.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით, კითხვაზე, ხომ არ აპირებს ოფიციალური თბილისი საკუთარი პოზიციის გადახედვას, კობახიძემ განაცხადა:

„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი. ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი,“.

ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ