პოლიტიკა

ცუცქირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გააძევეს

ცუცქირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გააძევეს

„თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ 6 მოსამართლეს მიმართა, რომლებიც პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავენ. სხდომის დაწყებამდე მან განაცხადა: „ვიღაცის მომავალი დაწერილია და თქვენი ჯერ კიდევ არა, გაქვთ შანსი!“

ამის შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია მანდატურებს ცუცქირიძის დარბაზიდან გაყვანისკენ მოუწოდა: „გაიყვანეთ დარბაზიდან“.

დარბაზის დატოვების შემდეგ ცუცქირიძემ განაცხადა, რომ ქვეყნის დემოკრატიის გადასარჩენად ბრძოლას თანამოაზრეებთან ერთად გააგრძელებს. მისი თქმით: „სხდომის დაწყებამდე მოსამართლეებს მივმართე, რომ გამოეყენებინათ ის შანსი და უფლება, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ და გადაერჩინათ საქართველოს დემოკრატია. ამის გაკეთება კიდევ შეუძლიათ, ვიღაცების სამარცხვინო მომავალი არის უკვე დაწერილი, მაგრამ მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ, რომ საკუთარი მომავალი კიდევ დაწერონ. აი, ეს ვუთხარი და დამატოვებინეს დარბაზი. მე გავაგრძელებ ბრძოლას ჩემ თანამოაზრეებთან, „მოედნელებთან“ მხარდამჭერებთან ბოლომდე, იქამდე, ვიდრე არ დავიბრუნებთ სახელმწიფოს“.

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი აწერს ხელს. მის საფუძველზე სასამართლო ხუთი პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხს იხილავს. ესენია „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ