პოლიტიკა

წითლიძე: პარტიების აკრძალვის სარჩელი კრემლში დაიწერა, ბრძოლას მაინც გავაგრძელებთ

წითლიძე: პარტიების აკრძალვის სარჩელი კრემლში დაიწერა, ბრძოლას მაინც გავაგრძელებთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოსთან განაცხადა, რომ პარტიების აკრძალვის სარჩელი სამართლებრივი კი არა, პოლიტიკურია და მისი ავტორი „ქართული ოცნების“ ოფისი კი არა, კრემლია. მისი თქმით, აკრძალვის შემთხვევაშიც ბრძოლას გააგრძელებენ.

წითლიძეს შეფასებით, სარჩელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ კი არა, საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული.

„ამ სარჩელს არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ პროცესთან. არ არის დღეს ეს პროცესი სამართლებრივი და წარმოდგენილი სარჩელიც არ არის სამართლებრივი. ეს არის პოლიტიკური სარჩელი და ეს არის რეალურად ის სარჩელი, რაც დაიწერა არა „ქართული ოცნების“ ოფისში, არამედ კრემლში. სარჩელი მიმართულია არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, არამედ საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაშიც არ უნდა მიეღო ეს სარჩელი, იმიტომ, რომ თავად სარჩელი არის არაკონსტიტუციური. თუ ვინმეს უნდა, რომ ეს პროცესი ვითარდებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ სარჩელით დადგინდეს, რომ 2008 წლის ომი დაიწყო საქართველომ და არა რუსეთმა, ეს არის რუსეთი. სწორედ ეს უნდა დააკანონოს საკონსტიტუციო სასამართლომ. მნიშვნელოვანია ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ასამართლებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „9 წელს“. ეს მათ შორის საქართველოს ისტორიის გადაწერის მცდელობაა. დღეს მოვიტანეთ მათ შორის მასალა იმასთან დაკავშირებით, რეალურად ვინ არის გასასამართლებელი ამ ქვეყანაში იმ სისტემურ დანაშაულებზე, რომელიც 2012 წლიდან დღემდე ხდება „ქართული ოცნების“ მეშვეობით, ყველა სფეროში. მოვითხოვთ, რომ როგორც ფაქტობრივი გარემოება საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეს დაურთოს, თან განიხილოს. არ გვაქვს მოლოდინი საკონსტიტუციო სასამართლოდან, რომ რაიმე განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, იმიტომ, რომ მოსამართლეები არიან „კლანის“ წევრები. ისინი მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც დაწერილია კრემლში. ჩვენი სტრატეგია იქნება ბრძოლის გაგრძელება. არ არსებობს ძალა, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეაჩერებს ამ პროცესში. არ არსებობს წინააღმდეგობა, რაც ჩვენ გაგვაჩერებს. აგვკრძალავენ? - მაინც გავაგრძელებთ ბრძოლას“, - განაცხადა წითლიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დღეს იწყება. სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი აწერს ხელს. მის საფუძველზე სასამართლო ხუთი პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხს განიხილავს. ესენია: „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

საქმის არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ