ადვოკატთა ასოციაციამ და მოსამართლეებმა შრომის სამართლის თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართეს

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ გაიმართა ბენჩ-ბარის ფორმატის შეხვედრა თემაზე: „შრომითი ურთიერთობები: სამართლებრივი, სასამართლო და პრაქტიკული პერსპექტივები“. მასში შრომის სამართლის სპეციალიზებული მოსამართლეები და ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის წევრები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
მისასალმებელი სიტყვით შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ლევან მიქაბერიძემ და საქართველოში ILO-ს კოორდინატორმა ეკატერინე ქარჩხაძემ.
შრომის საერთაშორისო სტანდარტებისა და ახალი გლობალური ტენდენციების შესახებ მოხსენება წარადგინა ILO-ს DWT/CO-ბუდაპეშტის ოფისის წარმომადგენელმა ლეიო სიბელიმ.
ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, ამგვარი შეხვედრების მიზანია შრომის სამართლის სფეროს აქტუალური საკითხების განხილვა და გამოცდილების გაზიარება, მოსამართლეებსა და ადვოკატებს შორის პროფესიული დიალოგის გაძლიერება, ასევე სამართლებრივ და პრაქტიკულ გამოწვევებთან დაკავშირებული საკითხების ეფექტიანად გადაწყვეტის ხელშეწყობა.











