ეკონომიკა

ეროვნული ბანკი: ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაში მარტო მონაწილეობდა

ეროვნული ბანკი: ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაში მარტო მონაწილეობდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სებ-ის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას „სრულად ემიჯნება“.

ეროვნული ბანკის განცხადებით, მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან გამოძიების დასრულებამდე და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე ჩამოეცილებინა.

ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო, რასაც, მათივე თქმით, ადასტურებს კომპანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული აუდიოჩანაწერიც, სადაც ის თავად საუბრობს საკუთარ გეგმებსა და მიზნებზე.

ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობა ყეინიშვილის საკურატორო მიმართულებას არ განეკუთვნებოდა, ამიტომ მას გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენა ვერ ექნებოდა. სებ-ის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ნებისმიერი სუბიექტის შემოწმების პროცესი მკაცრად კონფიდენციალურია და ინფორმაციაზე შესაბამისი გუნდის გარდა წვდომა არავის აქვს, საბჭოს წევრების ჩათვლით.

ბანკის განმარტებით, ყეინიშვილი საბჭოს არააღმასრულებელი წევრი იყო, ამიტომ ყოველდღიურ აღმასრულებელ მართვაში არ მონაწილეობდა და ოპერატიული მართვის მანდატი არ გააჩნდა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ