ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შპს „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით დამატებითი განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, კომპანია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა.

სებ-ის განმარტებით, შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო კომპანიას ჯამში 572 118 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა, კომპანიის ორ ადმინისტრატორს კი თითოეულს დამატებით 7 000 ლარი. ჯარიმის უდიდესი ნაწილი, 572 033 000 ლარი, მომხმარებელთა იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების დარღვევას უკავშირდება. კომპანიამ თვითმომსახურების კიოსკებით ისე განახორციელა ოპერაციები, რომ მომხმარებლების იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება კანონით დადგენილი წესით არ ხდებოდა. ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია თითოეული ოპერაციისას სავალდებულოა, თანხის ოდენობის მიუხედავად, ხოლო კიოსკებით ვერიფიკაცია სებ-თან შეთანხმებული პროცესით უნდა მიმდინარეობდეს, რაც კომპანიამ არ უზრუნველყო. ჯარიმების წესის მიხედვით, ასეთი დარღვევა მძიმე დარღვევათა კატეგორიას განეკუთვნება.

შემოწმებისას კიდევ ერთი გარემოება გამოვლინდა: ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ვირტუალური აქტივის მიმღები მისამართის შესახებ საჯარო წყაროებში, მათ შორის Google-ის საძიებო სისტემით, ინფორმაცია იძებნებოდა. ამ მისამართის Telegram არხის ან ჯგუფის მეშვეობით სავარაუდოდ შესაძლო იყო სხვადასხვა აკრძალული ნივთიერების რეალიზაცია. ბანკის თქმით, ტრანზაქციების ინტენსივობის, მსგავსი მახასიათებლებისა და მოცულობის გათვალისწინებით, ანალოგიური ხასიათის ტრანზაქციები სხვა ვირტუალური აქტივის მისამართებზეც ფიქსირდებოდა.

სებ ასევე მიუთითებს კომპანიის მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების ელექტრონულ სისტემებში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე. ხარვეზები გამოვლინდა სანქცირებული და პოლიტიკურად აქტიური პირების გადამოწმების სისტემაში, რის გამოც მომხმარებელთა სათანადო გადამოწმება ვერ დასტურდებოდა, ასევე საეჭვო და უჩვეულო ტრანზაქციების გამოვლენის სისტემაში. ეს ხელს უშლიდა მაღალი რისკის ოპერაციების, მათ შორის სხვადასხვა ბლოკჩეინზე განხორციელებული დაკავშირებული ტრანზაქციებისა და ვირტუალური აქტივის საფულეებს შორის კავშირების გამოვლენას. გარდა ამისა, კომპანიამ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ორი საეჭვო ოპერაციის შესახებ ანგარიშგება არ წარუდგინა, მიუხედავად იმისა, რომ მათში საეჭვოობის სხვადასხვა ინდიკატორი იკვეთებოდა. წესის მიხედვით, ეს და პროგრამულ სისტემებთან დაკავშირებული ხარვეზები განსაკუთრებით მძიმე დარღვევებს განეკუთვნება.

ეროვნული ბანკის ცნობით, კომპანიამ შემოწმების ფარგლებში არასწორი და არასრული ინფორმაციაც წარადგინა. მონაცემებში შეუსაბამობებმა და ინფორმაციის განმეორებით გამოთხოვის საჭიროებამ შემოწმების პროცესი შეაფერხა. ასევე ვერ დადასტურდა, რომ კომპანიის პროგრამული სისტემები, ადამიანური რესურსი და შიდა კონტროლის მექანიზმები მისი საქმიანობის მასშტაბს, ტრანზაქციების მოცულობასა და ვირტუალური აქტივების სექტორის რისკებს შეესაბამებოდა.

განცხადებაში ნანა ყეინიშვილზეც არის საუბარი. ეროვნული ბანკი ხაზს უსვამს, რომ საბჭომ, ბანკის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ყეინიშვილის სებ-ის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების შესახებ, გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე. სებ-ის თქმით, ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო, რასაც კომპანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული აუდიოჩანაწერიც ადასტურებს, სადაც ის თავად საუბრობს თავის გეგმებსა და მიზნებზე.

ბანკი განმარტავს, რომ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობა ყეინიშვილის საკურატორო მიმართულებას არ განეკუთვნებოდა, ამიტომ მას გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენა ვერ ექნებოდა. შემოწმების პროცესი მკაცრად კონფიდენციალურია და ინფორმაციაზე წვდომა შესაბამისი გუნდის გარდა არავის აქვს, საბჭოს წევრების ჩათვლით. ყეინიშვილი საბჭოს არააღმასრულებელი წევრი იყო, ამიტომ ყოველდღიურ აღმასრულებელ მართვაში არ მონაწილეობდა და ოპერატიული მართვის მანდატი არ ჰქონდა.

ეროვნული ბანკის თქმით, შპს „ბიტექსჩეინჯის“ შემოწმება გეგმიურად 2026 წლის თებერვალში ჩატარდა. ამიტომ კომპანიის წარმომადგენლის განცხადება, რომ დაჯარიმება სებ-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციას უკავშირდება, ბანკის შეფასებით უსაფუძვლოა და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

სებ-მა ისიც დააზუსტა, რომ ამჟამად რამდენიმე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ადგილზე ინსპექტირება მიმდინარეობს. მხოლოდ 2026 წელს ჯამში 51 საზედამხედველო სუბიექტი შემოწმდა, მათ შორის „ბიტექსჩეინჯი“. სხვა სუბიექტების შემოწმებები ჯერ არ დასრულებულა და ამ სტატისტიკაში ასახული არ არის. დასრულებული შემოწმებების შედეგად სუბიექტების უდიდესი უმრავლესობის მიმართ ფულადი ჯარიმები გამოიყენეს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ