აზერბაიჯანის პირდაპირი ინვესტიციები უკრაინაში 12.6 მილიონ დოლარამდე გაიზარდა

2026 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანმა უკრაინაში 12.6 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43-ჯერ მეტია. აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ექვს თვეში უკრაინაში აზერბაიჯანული ინვესტიციების მოცულობა 290 ათასი დოლარი იყო.
სახელმწიფო და კერძო სექტორის მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ დეტალური ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.
უკრაინული მედიის ცნობით, აზერბაიჯანი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს და ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერაშიც მონაწილეობს. 2022-2025 წლებში ბაქომ უკრაინას ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 42 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყო.
2025 წლის აგვისტოში ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის საფუძველზეც ენერგეტიკის სამინისტროს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2 მილიონი დოლარი გამოეყო. თანხა საომარი მოქმედებებით დაზიანებულ უკრაინულ რეგიონებში ენერგომომარაგების აღსადგენად უნდა გამოეყენებინათ. ცენტრალური ბანკის საგადასახდელო ბალანსის ანგარიშში კი 2025 წლისთვის უკრაინაში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა მხოლოდ 290 ათასი დოლარია. გამოცემის თქმით, საჯარო მონაცემებით შეუძლებელია იმის ზუსტად დადგენა, რა წყაროდან და რა ფორმით გადაირიცხა სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა.
ივლისში „ინტერფაქს-უკრაინასთან“ ინტერვიუში უკრაინის ელჩმა აზერბაიჯანში, იური გუსევმა თქვა, რომ აზერბაიჯანული კომპანიები დაინტერესებული არიან უკრაინის ენერგეტიკის, სამთო-მომპოვებელი მრეწველობის, ლოგისტიკის, აგროსამრეწველო სექტორისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროებით.
გუსევის განცხადებით, აზერბაიჯანი უკრაინის აღდგენაშიც მონაწილეობს. აზერბაიჯანისა და სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის მხარდაჭერით ქალაქ ირპენში აღადგინეს პოლიკლინიკა და აკადემიკოს ზარიფა ალიევას სახელობის ჰუმანიტარული ლიცეუმი „ლინგვისტი“. ელჩის ინფორმაციით, ირპენის თემისთვის ამჟამად ოთხ ახალ სოციალურ პროექტზე ერთობლივი მუშაობა მიმდინარეობს.
meydan.tv-ის მიხედვით, ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანის ინვესტიციები სხვა ქვეყნებშიც გაიზარდა: გაერთიანებულ სამეფოში 64.75 მილიონიდან 329.19 მილიონ დოლარამდე, თურქეთში 3.4-ჯერ, 603.76 მილიონ დოლარამდე, საქართველოში 47.7%-ით, 114 მილიონ დოლარამდე, აშშ-ში 31.3%-ით, 102 მილიონ დოლარამდე, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 72.8%-ით, 270.07 მილიონ დოლარამდე.





