აშშ „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებზე სანქციების შემსუბუქებას განიხილავს

აშშ-ის ადმინისტრაცია განიხილავს სანქციების შემსუბუქებას ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის იმ გემებისთვის, რომლებიც რუსეთიდან, ირანიდან, ვენესუელიდან და სხვა ქვეყნებიდან ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს გადაზიდავენ. მიზანია გლობალური სატვირთო გადაზიდვების ტარიფების რეკორდულად მაღალი დონის შემცირება. ამის შესახებ Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, მოლაპარაკებები ეხება შესაძლებლობას, რომ შეერთებულმა შტატებმა ადრე სანქცირებულ გემებს „ლეგალური ნავთობის“ გადაზიდვის ნება დართოს. ეს გულისხმობს ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, რომლებზეც ვაშინგტონის სანქციები არ ვრცელდება. რუსულ და ირანულ ნავთობზე, რომელთა წინააღმდეგაც შემზღუდავი ზომებია დაწესებული, ეს არ ეხება.
ოფიციალური პირის განმარტებით, ნაბიჯის მიზანია სპარსეთის ყურიდან მეტი ნავთობპროდუქტისა და ნედლი ნავთობის გატანის უზრუნველყოფა. კომპანიებმა, რომლებსაც სანქცირებული გემების გამოყენება სურთ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს უნდა მიმართონ.
Reuters-ის ცნობით, ნავთობისა და საწვავის მაღალი ფასები დონალდ ტრამპისთვის რისკს წარმოადგენს 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში. რესპუბლიკელები იმედოვნებენ, რომ ამ არჩევნების შემდეგ კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლს შეინარჩუნებენ. ტრამპმა რუსულ დიზელზე დაწესებული სანქციები 7 აპრილამდე შეაჩერა.









