ეკონომიკა

„ბიტექსჩეინჯი“: ეროვნული ბანკის განცხადება დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლოა

„ბიტექსჩეინჯი“: ეროვნული ბანკის განცხადება დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლოა

კომპანია „ბიტექსჩეინჯი“ ეროვნული ბანკის განცხადებას, რომელიც მათთვის დაკისრებულ 572 118 000-ლარიან ჯარიმას ეხება, დაუსაბუთებელსა და უპასუხისმგებლოს უწოდებს. კომპანიის შეფასებით, დაუსაბუთებელია თავად სებ-ის, როგორც მარეგულირებლის, ქმედებები და მიღებული გადაწყვეტილებაც, რომლის კანონიერებაც ამჟამად სასამართლოშია გასაჩივრებული.

„განსაკუთრებით მიუღებელია, რომ ეროვნული ბანკი საჯაროდ წარმოაჩენს სადავო დასკვნებს დადასტურებულ ფაქტებად მაშინ, როდესაც მიმდინარეობს გამოძიება ამავე უწყების საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ“, – აცხადებს „ბიტექსჩეინჯი“.

კომპანიის თქმით, ეროვნულ ბანკს თვეების განმავლობაში ჰქონდა მათი არაერთი ოფიციალური მიმართვა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი შემოწმების მიმდინარეობის, ინტერესთა კონფლიქტისა და კონკურენტების მიმართ შერჩევითი მოპყრობის გარემოებები. „ბიტექსჩეინჯი“ ამბობს, რომ ითხოვდა ამ საკითხების შესწავლას, ნანა ყეინიშვილის გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან დროებით ჩამოშორებასა და შემოწმების მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას. კომპანიის მტკიცებით, ეს მოთხოვნები უგულებელყოფილი იქნა და რეაგირების ნაცვლად მას უპრეცედენტო, დაუსაბუთებელი და აშკარად არაპროპორციული ჯარიმა დაეკისრა.

შერჩევითი მოპყრობის მაგალითად კომპანია თავის პირდაპირ კონკურენტს, გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებულ შპს „კრიპტომატს“ ასახელებს. „ბიტექსჩეინჯის“ თქმით, მარეგულირებლის უმოქმედობამ ისინი არჩევანის წინაშე დააყენა: ან კონკურენტისგან განსხვავებით ცალმხრივად ამოქმედებინათ მომხმარებელთა იდენტიფიკაცია, რაც შემოსავლების კატასტროფულ შემცირებასა და გადახდისუუნარობის საფრთხეს შექმნიდა, ან დალოდებოდნენ ყველა ოპერატორისთვის შეთანხმებულ თარიღს.

კომპანია განცხადებას მტკიცებულების სახით თან ურთავს აუდიოს, რომელიც, მათივე თქმით, ვახტანგ ვახტანგიშვილისგან WhatsApp-ით მიღებული 2026 წლის 15 მარტის აუდიოშეტყობინებაა, თანმხლები მიმოწერით. „ბიტექსჩეინჯის“ მოყოლით, 18 თებერვალს გიორგი ბაჩიაშვილი საპროცესო შეთანხმებით პატიმრობიდან გათავისუფლდა. 25 თებერვალს „კრიპტომატის“ წარმომადგენელმა ვახტანგ ვახტანგიშვილმა მათ აცნობა, რომ იდენტიფიკაციის ამოქმედების თარიღი, 2 მარტი, 13:00 საათი, ეროვნულ ბანკთან ჰქონდათ შეთანხმებული. შეთანხმებულ თარიღზე იდენტიფიკაცია ორივე კომპანიამ ამოქმედა, თუმცა 13 მარტს „კრიპტომატმა“ ის კვლავ გათიშა.

კომპანიის ცნობით, ვახტანგიშვილმა 15 მარტს გამოუგზავნა აუდიოშეტყობინება, რომელშიც ისმის ფრაზები: „რაც ბოლო პერიოდში მოხდა“, „არ გვართვევინებდნენ“, „მოვგვარდით“. ჩანაწერის ბოლოს იგი აცხადებს, რომ იდენტიფიკაციას მომდევნო სამშაბათს ჩართავდნენ. „ბიტექსჩეინჯის“ თქმით, ეს „სამშაბათი“ რამდენიმე თვის განმავლობაში არ დამდგარა: „კრიპტომატი“ იდენტიფიკაციის გარეშე აგრძელებდა საქმიანობას, ეროვნული ბანკი კი, შეტყობინებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, მოთხოვნების თანაბარ აღსრულებას არ უზრუნველყოფდა.

კომპანია მიიჩნევს, რომ ეს გარემოებები, ბაჩიაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებისა და მანამდე მისი, როგორც „კრიპტომატის“ მნიშვნელოვანი წილის მფლობელის, კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის პრობლემების გათვალისწინებით, არსებული დაბრკოლებების მოგვარების მცდელობაზე მიუთითებს. „ბიტექსჩეინჯის“ განცხადებით, მიმოწერა და აუდიოჩანაწერი მნიშვნელოვანია იმის დასადასტურებლად, რომ ეროვნული ბანკი ინფორმირებული იყო „კრიპტომატის“ საქმიანობისა და იდენტიფიკაციის ამოქმედების შეთანხმებული პირობების შესახებ. თავად „ბიტექსჩეინჯმა“ იდენტიფიკაციის მოთხოვნების შესრულება განაგრძო, რამაც ის კონკურენტულად არათანაბარ პირობებში ჩააყენა და შემოსავლები კატასტროფულად შეუმცირა. კომპანიის თქმით, ეროვნულ ბანკს დარღვევების შესახებ არაერთხელ მიაწოდა წერილობითი შეტყობინებები და ვიდეომტკიცებულებები, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

კომპანია ამტკიცებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი, მძიმე ფინანსური დანაშაულისთვის ნასამართლობის მიუხედავად, კვლავ ფიგურირებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მნიშვნელოვანი წილის მფლობელად. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევ პირს ასეთ მონაწილეობას უკრძალავს. „ბიტექსჩეინჯი“ განმარტებას ითხოვს, რატომ არ იქნა უზრუნველყოფილი ამ მოთხოვნის აღსრულება, ჩატარდა თუ არა „კრიპტომატში“ ანალოგიური შემოწმება და რატომ არ გამოიყენა მარეგულირებელმა ამ კომპანიის მიმართ ის საზედამხედველო ზომები, რომლებიც „ბიტექსჩეინჯის“ მიმართ გამოიყენა.

ცალკე პასუხს, კომპანიის თქმით, ნანა ყეინიშვილისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესების საკითხი მოითხოვს. „ბიტექსჩეინჯი“ ამბობს, რომ ეროვნულ ბანკს არაერთხელ მიაწოდა ინფორმაცია და მტკიცებულებები ყეინიშვილის მიერ რეგულირებული კომპანიების საქმიანობაში შესაძლო ფაქტობრივი მონაწილეობისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

„მოვითხოვთ განმარტებას, როგორ დარეგისტრირდნენ და საქმიანობდნენ მასთან და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიები, როგორ დადგინდა მათი ფაქტობრივი მფლობელობა და კონტროლი და როგორ იყო უზრუნველყოფილი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება მათი რეგისტრაციისა და ზედამხედველობის პროცესში. რატომ გახდა ნანა ყეინიშვილის გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან ჩამოშორება შესაძლებელი მხოლოდ საკითხის საჯაროდ გახმაურების შემდეგ, როდესაც შესაბამისი მოთხოვნა თვეებით ადრე გვქონდა წარდგენილი?“, – აცხადებს „ბიტექსჩეინჯი“.

კომპანია ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, „შეწყვიტოს სადავო დასკვნების დადასტურებულ ფაქტებად წარმოჩენა და საჯაროდ უპასუხოს მისივე ქმედებებისა და უმოქმედობის შესახებ დასმულ კითხვებს“. „ბიტექსჩეინჯი“ აცხადებს, რომ თუ ეროვნული ბანკი მათი მოთხოვნების უგულებელყოფასა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელებას გააგრძელებს, კომპანიის წარმომადგენლები საჯაროდ, კანონით დასაშვებ ფარგლებში წარადგენენ მოვლენების ქრონოლოგიას, დოკუმენტურ მტკიცებულებებსა და ეროვნული ბანკის კონკრეტული თანამდებობის პირების როლს ამ პროცესებში.

9 ოქტომბერს დილით გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო. პროკურატურის განცხადება „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებას უსწრებდა წინ. მის მიხედვით, ყეინიშვილი ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული კრიპტოკომპანიის ბიზნესის წილს ითხოვდა, მფლობელმა წილის დათმობაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ეროვნულმა ბანკმა ის 572 მილიონი ლარით დააჯარიმა.

10 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და ნანა ყეინიშვილს გაემიჯნა. სებ-ის თქმით, ყეინიშვილი მარტო მოქმედებდა. „ეროვნული ბანკის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე“, საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, ყეინიშვილი გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აეცილებინა. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა.

სებ-ის ცნობით, გამოვლენილი დარღვევების გამო კომპანიას ჯამში 572 118 000 ლარის, ხოლო მის ორ ადმინისტრატორს, თითოეულს, დამატებით 7 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა. „კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმების უდიდესი ნაწილი (572 033 000 ლარი) მომხმარებელთა იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების დარღვევას უკავშირდება. კერძოდ, კომპანიამ თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით განახორციელა ოპერაციები ისე, რომ მომხმარებელთა იდენტიფიკაცია და მათი ვინაობის გადამოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ხორციელდებოდა. ხაზგასასმელია, რომ კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია სავალდებულოა თითოეული ოპერაციის განხორციელებისას, თანხის ოდენობის მიუხედავად. ამასთან, თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით კლიენტის ვერიფიკაცია უნდა განხორციელდეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული პროცესით, რაც კომპანიამ არ უზრუნველყო“, – აცხადებს სებ-ი.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ