ეკონომიკა

„ქართული ოცნება“: IMF-ის პროგნოზით, საქართველო 2031 წლისთვის ეკონომიკური ზრდით მსოფლიოს საუკეთესო სამეულში იქნება

„ქართული ოცნება“: IMF-ის პროგნოზით, საქართველო 2031 წლისთვის ეკონომიკური ზრდით მსოფლიოს საუკეთესო სამეულში იქნება

„ქართული ოცნების“ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველო 2031 წლისთვის რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის როგორც 10-წლიანი, ისე 20-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდება და ევრაზიაში პირველ ადგილს დაიკავებს. პარტიის თქმით, 2012 წლის შემდეგ განვლილი პროგრესით ქვეყანა 2026 წელსაც მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ერთპიროვნულად ლიდერობს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2031 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა. ეკონომიკური კეთილდღეობა ერთ სულ მოსახლეზე რეალური და მსყიდველუნარიანი მთლიანი შიდა პროდუქტის სიდიდით იზომება.

ფონდის შეფასებით, საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე 2022-2031 წლებში 85%-ით, 2012-2031 წლებში კი 185%-ით გაიზრდება. მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP per capita PPP) იმავე პერიოდებში შესაბამისად 2,5-ჯერ და 5-ჯერ გაიზრდება.

„ქართული ოცნების“ ცნობით, 2012 წლის შემდეგ 14-წლიან პერიოდში ზრდა 215%-ს აჭარბებს. 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ახალ ისტორიულ მაქსიმუმს, 32 661 საერთაშორისო დოლარს გაუთანაბრდება, 2031 წლისთვის კი 46 848 საერთაშორისო დოლარი გახდება.

ფონდის შეფასებით, ამერიკულ დოლარში საქართველოს ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 2026 წელს ორნიშნა იქნება და 15,8%-ს გაუტოლდება, ერთ სულ მოსახლეზე კი 11 234 დოლარს გადააჭარბებს. 2027 წელს ეს მაჩვენებელი 12 538 დოლარს მიაღწევს, 2028 წელს 13 694 დოლარს გადააჭარბებს, 2029 წელს 14 975 დოლარი იქნება, 2030 წელს 16 383 დოლარზე მეტი, 2031 წელს კი 17 923 დოლარი.

პარტიის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მოპოვების პერსპექტივა საქართველოს 2028 წლიდან გაეხსნება. ამერიკულ დოლარში ნომინალური ეკონომიკის ზრდის საშუალო ტემპი 2026-2031 წლებში, ფონდის პროგნოზით, 10,7% იქნება.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ