ურუშაძე: ენმ საქართველოს მოქალაქეებისთვის კაზინოებსა და ონლაინ აზარტულ თამაშებს აკრძალვას ითხოვს

ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მოქალაქეებისთვის ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებში თამაშის აკრძალვის იდეით გამოდის. ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.
ურუშაძის თქმით, სათამაშო პლატფორმებზე 1 მილიონზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული.
„ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დაიწყონ საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით მომზადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებში, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა“, – განაცხადა ურუშაძემ და მაგალითად მონაკო დაასახელა.
მისივე თქმით, უნდა მომზადდეს სათამაშო ბიზნესის საერთაშორისო ტურისტულ ინდუსტრიაზე გადასვლის ეკონომიკური გეგმა, შეიქმნას თამაშზე დამოკიდებულთა დაცვის სახელმწიფო პროგრამა და გაძლიერდეს ბრძოლა არალეგალური ონლაინსათამაშო პლატფორმების წინააღმდეგ.
2022 წლიდან სახელმწიფომ აზარტული თამაშების მიმართ მიდგომა გაამკაცრა: მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 21-დან 25 წლამდე გაიზარდა, სოცდაუცველებსა და საჯარო სამსახურში დასაქმებულებს თამაში აეკრძალათ, აიკრძალა რეკლამაც. 2024-2025 წლებში სექტორს საგადასახადო ტვირთიც გაეზარდა.
ოფიციალური სტატისტიკით, შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ზრდის ტემპი შემცირდა, თუმცა ბრუნვა მაინც 41 მილიარდით გაიზარდა: იყო 48 მილიარდი, გახდა 89 მილიარდი. ეს მაჩვენებელი ბრუნვას ასახავს და არა კაზინოების მოგებას ან მოთამაშეების წაგებას. 2024 წელს სექტორის 6 უმსხვილესი კომპანიის (კრისტალბეთი, აჭარაბეთი, კროკობეთი, ლიდერბეთი, ევროპაბეთი და ბეთლაივი) წმინდა მოგებამ 547 მილიონი ლარი შეადგინა, რაც იმ წლის ბრუნვაზე 140-ჯერ ნაკლებია.
2025 წელს აზარტული თამაშების სექტორმა გადასახადებისა და მოსაკრებლების სახით ჯამში 1.7 მილიარდ ლარზე მეტი გადაიხადა.
რაც შეეხება მონაკოს, იქ ადგილობრივებს კაზინოებში თამაში 1987 წლიდან ეკრძალებათ. მონაკოს ფართობი 2.1 კვადრატული კილომეტრია, მოსახლეობა კი 40 ათასი.











