ჩერქეზიშვილი მერიის განცხადებაზე: პასუხისმგებლობის სტანდარტი კალაძეზეც უნდა ვრცელდებოდეს

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ თბილისის საკრებულოს წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი თბილისის მერიის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით“. მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ მერიის განცხადება, სხვა ყველაფერთან ერთად, თავად კახა კალაძის მიერ ცხოველთა უფლებადამცველების მისამართით გაკეთებული განცხადების განეიტრალების მცდელობაცაა.
ჩერქეზიშვილი წერს, რომ მაშინ, როცა მერი რამდენიმე ადამიანის „დაძინებაზე“ საუბრობს, მერიის მხრიდან თანამშრომლების მიმართ მუქარის დაგმობა ბუნებრივად აჩენს კითხვას: რატომ არ ვრცელდება პასუხისმგებლობის იგივე სტანდარტი თავად მერზეც. მისივე თქმით, პრობლემა ისაა, რომ მერია მიუსაფარ ცხოველთა შესაძლო არასათანადო მოპყრობის შესახებ არსებით კითხვებს უკანა პლანზე გადაიტანს.
მისი შეფასებით, მერიისგან საჭიროა არა საკუთარი უდანაშაულობის წინასწარი დეკლარირება, არამედ სრული გამჭვირვალობა და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი. ჩერქეზიშვილი აღნიშნავს, რომ თუ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ მუქარას, ფოტოების გავრცელებას, შეურაცხყოფასა და დაშინებას მართლაც აქვს ადგილი, ეს მიუღებელია და შესაბამისი რეაგირება აუცილებელია. მისივე სიტყვით, ცხოველთა უფლებების დაცვა არავის აძლევს ადამიანების უფლებების დარღვევის უფლებას, თუმცა მუქარისა და დაშინების წინააღმდეგ ერთიანი სტანდარტი ყველასთვის უნდა მოქმედებდეს, მათ შორის მერისთვისაც.
საკრებულოს წევრის თქმით, პროცესში მთავარი მიუსაფარი ცხოველების ინტერესები, ფაქტების დადგენა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა უნდა იყოს. ის წერს, რომ არცერთი მხარე არ უნდა იდგეს კანონზე მაღლა, არცერთი უწყება არ უნდა იყოს გათავისუფლებული საზოგადოებრივი კონტროლისგან და სიმართლე სრულად და არა შერჩევითად უნდა დადგინდეს.
ჩერქეზიშვილი დასძენს, რომ უკვე გაგზავნილი აქვს ოფიციალური მიმართვები თბილისის მერიაში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოში. ის დეტალურ ინფორმაციას ითხოვს ტელეკომპანია „პირველისა“ და ცხოველთა უფლებადამცველების მიერ გავრცელებულ კადრებზე.
მანამდე მერიამ განცხადება გაავრცელა და შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდა. განცხადების მიხედვით, „რამდენიმე დღეა არ ცხრება მუქარის შემცველი მოწოდებები და ბულინგი მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მისამართით“. მერია წერს, რომ „პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები“ სოციალურ ქსელებში მონიტორინგის წარმომადგენლების ფოტოებს აქვეყნებენ, მათ მკვლელებს, მწამებლებსა და ცხოველთა ცოცხლად დამმარხველებს უწოდებენ და ემუქრებიან მათ და მათი ოჯახის წევრებს.
სტატიაში მოხსენიებული პირები











