სიორიძე საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე: „ოცნებას“ არჩევნების მოგების რესურსი არ აქვს

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მსგავს ცვლილებებს ყოველთვის მაშინ იღებს, როდესაც კონკრეტულ ხიფათებს ხედავს.
სიორიძის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რომ მოსახლეობაში მას არ აქვს ის მხარდაჭერა, რომლითაც ძალაუფლების შენარჩუნებას და ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას შეძლებს.
„ეს ცვლილებებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ეს გულისხმობს ამ შემთხვევაში იმას, რომ შესაბამის სუბიექტებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ გაასაჩივრონ რეალური დარღვევები, რაც ხდება კენჭისყრის დღეს“, - განაცხადა სიორიძემ.
მისი თქმით, გასაჩივრების საფუძვლები შემოიფარგლება ტექნიკური და მათემატიკური ცდომილებებით, საოლქო კომისიიდან ცესკო-ში კი საარჩევნო ადმინისტრაციის დონეზე გასაჩივრება ცენტრალიზდება. სიორიძე ამბობს, რომ თუ სასამართლოშიც ტექნიკური საფუძველი არ იარსებებს, საჩივრებს საერთოდ არ განიხილავენ.
ცვლილებები დამკვირვებელთა რეგისტრაციის წესსაც ეხება. სიორიძის თქმით, ესეც იმის დასტურია, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოგების რესურსი არც ადმინისტრაციული რესურსით აქვს და დამატებითი მექანიზმები სჭირდება.
პარლამენტი „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების მომზადებულ კანონპროექტს 6 ნოემბერს იურიდიულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტები განიხილავს.
სტატიაში მოხსენიებული პირები











