პოლიტიკა

კობახიძე ხან ჭენგს: ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი გახდა

ირაკლი კობახიძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე - ჩინეთთან ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს და ეს გვაძლევს მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად არის საქართველოში. კობახიძემ ხაზი გაუსვა ჩინეთიდან მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

კობახიძის თქმით, ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობები 34 წელს ითვლის და 34 წლისთავზე ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. მისივე თქმით, ამ შეთანხმებას კონკრეტული ხელშესახები შედეგები აქვს. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ჩინეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ერთი ჩინეთის პრინციპისადმი მხარდაჭერა კვლავ დაადასტურა.

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე თქვა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა წლიდან წლამდე იზრდება. „მოხარული ვართ, რომ მიმდინარე წლის მონაცემებით ჩინეთი იქცა საქართველოს უმსხვილეს ინვესტორად, რაც ადასტურებს ჩინური ბიზნესის, ჩინური მხარის მყარ ნდობას საქართველოში ეკონომიკური გარემოს მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, საქართველო დაინტერესებულია პარტნიორობის გაღრმავებით, მათ შორის ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში.

კობახიძემ საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზეც ისაუბრა: „ჩვენ ბუნებრივად ვაკავშირებთ ერთმანეთთან ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს“. მისი თქმით, საქართველო თანამშრომლობის გაღრმავებას სხვა სფეროებშიც ისურვებს: კულტურა, განათლება, მეცნიერება, სპორტი, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა.

პრემიერმა თქვა: „თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, წინსვლაზე, განვითარებაზე“. მისი სიტყვით, სწორედ ამიტომ ხედავს საქართველო ჩინეთთან განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს. კობახიძე დარწმუნებულია, რომ ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ იმპულსს შესძენს.

ხან ჭენგმა საქართველოს მთავრობას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს. მან შეახსენა, რომ ივნისში სი ძინპინი და პრეზიდენტი ყაველაშვილი შეხვდნენ და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადება გაკეთდა. მომავალ წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება.

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საქართველო დიდი ხანია მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პრინციპს, ჩინეთი კი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ქვეყნის განვითარების ინტერესებს. მან დაამატა, რომ ჩინეთს ეკონომიკური განვითარების გეგმა აქვს, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, მასში ორივე ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ