თამაზაშვილი: ღარიბაშვილს შვილების ნახვის საშუალებას არ აძლევენ, 11 თვეში ორი პაემანი ჰქონდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის სიძე ალექსანდრე თამაზაშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილების ნახვის საშუალებას არ აძლევენ. მისი თქმით, ეს „დამატებითი დასჯაა“.
თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოსტი არ ეხება პოლიტიკას და არც სამართლებრივ „აბლაბუდას“. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი შეიძლება პოლიტიკოსად არ მოსწონდეთ, ვიღაცისთვის ის საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი „კრიმინალი“ იყოს, ბევრი კი მას პოლიტიკური მანიპულაციების მსხვერპლად მიიჩნევდეს. თამაზაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილის გარშემო უამრავი აზრი და ვერსიაა, თუმცა მას არ მიაჩნია, რომ არსებობდეს ადამიანი, ვინც ბედნიერია იმით, რომ ღარიბაშვილს „დამატებითი“ დასჯის სახით მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ.
თამაზაშვილის განმარტებით, ოფიციალური მიზეზი ისაა, რომ კუთვნილი პაემანი ამოიწურა: ღარიბაშვილმა შვილები სულ ორჯერ ნახა, ანუ 11 თვის განმავლობაში ორი პაემანი ჰქონდა. დამატებითი პაემანი კი კეთილი ნება და წახალისებაა, რომელიც კანონით ციხის უფროსის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
„გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები“, - აცხადებს თამაზაშვილი.
სტატიაში მოხსენიებული პირები











