მათიკაშვილი: გასაჩივრების უფლებას არავის ართმევენ, ეს სრული აბსურდი და ტყუილია

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ისე წარმოჩენა, თითქოს ვინმეს გასაჩივრების უფლება ერთმევა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უმწიფარი მცდელობაა. მისი თქმით, ეს სრული აბსურდი და ტყუილია. მათიკაშვილი ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებულ სიახლეს განმარტავდა.
მისი განმარტებით, საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ოქმი სწორედ ის ფორმატია, რომელზეც ყველა დაინტერესებულმა პირმა უნდა მოახდინოს რეაგირება საარჩევნო დარღვევების აღმოჩენისას.
მათიკაშვილის თქმით, ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება და სასამართლოს მიერ მისი დაკმაყოფილება მხოლოდ ორ საკითხზე იქნება დამოკიდებული: რამდენად ასახავს ცესკო ტექნიკური თვალსაზრისით საუბნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ინფორმაციას და რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. მისივე განცხადებით, სასამართლო საჩივარს წარმოებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ამ მხრივ ტექნიკურ შეცდომას აღმოაჩენს. დეპუტატის შეფასებით, ეს ლოგიკურად სწორია, რადგან რეალური დავა საუბნო კომისიაში მიმდინარეობს.
„ცალკეულმა ძალებმა არასწორად აიტაცეს ნოვაცია და სათავისო ინტერპრეტაციით განმარტეს, რომ თითქოს ვინმეს გასაჩივრების უფლება ერთმევა. გასაჩივრების უფლებას როგორ აქამდე იყო კანონით დადგენილი, ხელს არავინ ახელებს. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ოქმია სწორედ ის ფორმატი, სადაც ყველა დაინტერესებულმა პირმა საარჩევნო უბანზე დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს და შესაბამისი საჩივარი შეიტანოს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ყველა არჩევნების, მათ შორის საპარლამენტო, დედაქალაქის მერისა და საკრებულოს და მუნიციპალიტეტების არჩევნების, შემაჯამებელი ოქმი კენჭისყრიდან 15 დღის ვადაში შედგება. ყველა ტიპის არჩევნების შედეგებს შეაჯამებს ცესკო, ხოლო საოლქო კომისიები შეჯამების პროცესში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
სტატიაში მოხსენიებული პირები











