პოლიტიკა

ფარცხალაძე: რუსეთი მტერი არაა, საქართველოს მომავალი მხოლოდ რუსეთთან ერთად აქვს

ფარცხალაძე: რუსეთი მტერი არაა, საქართველოს მომავალი მხოლოდ რუსეთთან ერთად აქვს

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, რუსეთში მცხოვრები ოთარ ფარცხალაძე აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ რუსეთთან ერთად აქვს. მისი თქმით, ქართველმა ერმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა უნდა უთხრას, რადგან საქართველო უკრაინის მსგავსად „მონაგავებული“ არ არის. ფარცხალაძემ რამდენიმე წლის წინ რომანოვის გვარი აიღო.

ფარცხალაძე, რომელსაც საქართველოში ბიზნესმენ ჯანგველაძის მკვლელობისა და ქოლცენტრების საქმეებში ბრალი ედება, ინტერვიუს „საქართველოს ტალღაზე“ ვალერი კვარაცხელიას აძლევდა. მისი თქმით, მოსწონს და უყვარს რუსეთი და არ ესმის, რატომ არ უნდა ჰქონდეს საქართველოს მასთან ურთიერთობა.

„ევროპამ, დასავლეთმა, რა მოგვიტანა — გადავხედოთ ბოლო 35 წელს. და გადავხედოთ წარსულს, საქართველოს რუსეთის პერიოდში — სახელმწიფო შედგა, ხალხი ცხოვრობდა, ბედნიერი იყო, მდიდარი იყო. რაც დაინგრა, დაიშალა და დამოუკიდებელი გახდა საქართველო, დამოუკიდებელი გახდა რუსეთისგან და დამოკიდებული გახდა ყველაზე. ვისაც არ ეზარება, საქართველოს უფროსია. საქართველო ძლიერი იქნება მხოლოდ რუსეთთან ერთად. დასავლეთის სპეცსამსახურებს ტვინის გამორეცხვის გარდა არანაირი სიკეთე არ მოუტანიათ საქართველოსთვის“, — განაცხადა ფარცხალაძემ.

მისი თქმით, ქართველს თავისი ადგილი ყოველთვის ექნება რუსეთში, თუ წესიერად მოიქცევიან. ფარცხალაძე ამბობს, რომ რუსეთს ბოროტი ზრახვები არ ამოძრავებს: „სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო. რუსეთს ამოძრავებს ძალიან კარგი ზრახვები“. მისივე განმარტებით, შევარდნაძის შემდეგ ევროპამ საქართველოს რუსეთის მტრის როლი მიანიჭა, თაობა კი ამ იდეით გაიზარდა.

„რუსეთი მტერი არაა. რუსეთი არის ერთადერთი საქართველოს მოკავშირე, თუ გადადგამენ საღ ნაბიჯებს, რომ რუსეთთან დალაგდნენ, რომ ისევ აღვიდგინოთ ეს ძველი კარგი ცხოვრება, დიდება საქართველოსი, როგორც ადრე იყო“, — თქვა მან.

ფარცხალაძის თქმით, საქართველოს რუსეთის ხელისუფლებაში ბევრი მეგობარი ჰყავს, მათ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა სურთ და დარწმუნებულია, რომ საქართველოშიც უნდათ ეს. „მოვა ეგ დრო, ამას ვერ გავექცევით. რუსეთს კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვის. აფხაზეთიც… საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, გეგმის ნაწილი იყო. 2008 წელიც იმიტომ გააკეთეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობა გაგვეწყვიტა რუსეთთან“, — განაცხადა მან.

ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე ფარცხალაძემ თქვა, რომ მასთან აღარანაირი ურთიერთობა არ აქვს. „ერთს ვიტყვი, რომ პატრიოტი ადამიანია და ძალიან ბევრი რამე გააკეთა საქართველოსთვის. თუნდაც ის, რომ საქართველო მონაგავებული არ არის, როგორც უკრაინა, და მაგ დღეში არ ვართ, ქართველმა ერმა მადლობა უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილს. ძალიან რთულ პერიოდში მოყვა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ“, — აცხადებს ის.

ფარცხალაძის განმარტებით, მას დიდი ბაბუა ჰყავდა „კნიაზი რომანოვი“ და ამიტომ აიღო ეს გვარი რუსეთში. საქართველოში მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებზე ამბობს, რომ არანაირ დანაშაულთან შეხება არ აქვს, ჯანგველაძესთან კი კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ