ყაველაშვილმა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს 2027 წელს თბილისში გლობალური სამიტის გამართვის ინიციატივა გააცნო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ხან ჭენგს უმასპინძლა. შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ეს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საქართველოში. 2027 წელს ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35 წლისთავს აღნიშნავენ. მიმდინარე წელს კი გაფორმდა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება და ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო შეთანხმებები.
ყაველაშვილმა ჩინურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს პოზიცია „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მიმართ. საუბარი შეეხო შანხაის განვითარებაში ხან ჭენგის საქმიანობასა და წვლილს, თბილისსა და შანხაის შორის მეგობრული კავშირების გაღრმავებასა და პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას. მხარეებმა საქართველოში ჩინეთის ახალი ელჩის დანიშვნის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას დაეთმო. განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, ჩინური ინვესტიციების ზრდა და თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში.
შეხვედრაზე შუა დერეფნის პოტენციალზე, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და თბილისში აბრეშუმის გზის მეექვსე ფორუმის გამართვის გეგმაზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყანას ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს.
მხარეებმა ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობაც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა აკადემიური პროგრამების, სტუდენტთა გაცვლისა და სამეცნიერო კავშირების გაფართოებაზე. საუბარი შეეხო ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთობლივი სამუშაო ჯგუფის საქმიანობასა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
ყაველაშვილმა ჩინურ მხარეს გააცნო საქართველოს ინიციატივა, 2027 წელს თბილისში გაიმართოს მშვიდობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის გლობალური სამიტი, და ჩინეთის მონაწილეობისა და მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.
შეხვედრის დასასრულს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა. მხარეებმა დააფიქსირეს მოლოდინი, რომ მაღალი დონის დიალოგი და არსებული თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას.
სტატიაში მოხსენიებული პირები











