გორდულაძე ფარულავას კომიტეტზე: ან ნერვებს დაიმშვიდებთ, ან მანდატურს დარბაზიდან გაგაძევებთ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატ გიგა ფარულავას მანდატურის დახმარებით დარბაზიდან გაძევება დაჰპირდა. გორდულაძემ თქვა: „ბატონო გიგა, ან ნერვები დაიმშვიდეთ ან მანდატურს ვთხოვ, დარბაზიდან გაგაძევოთ - თავი დაანებეთ ყვირილს, თორემ გეუბნებით, მართლა გაგაგდებთ!“
კომიტეტმა „ქართული ოცნების“ ინიციატივით დაგეგმილი საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პროექტი განიხილა. კითხვები მხოლოდ ფარულავამ დასვა. გორდულაძემ მას უთხრა, რომ ის ყველაფრის წინააღმდეგია, გარდა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გახდეს. გორდულაძის თქმით, ფარულავა სამი წლის განმავლობაში სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით იყო საკრებულოს თავმჯდომარე და მაინც ამტკიცებს, რომ ამ პარტიასთან კოალიცია არ აქვთ.
ფარულავა რამდენიმე ინიციატივას შეეხო და განსაკუთრებული აქცენტი ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის სასამართლოში გასაჩივრების სიახლეზე გააკეთა. მისი თქმით: „ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება ტექნიკურ დონეზე იქნება შესაძლებელი. დაინტერესებული მხარე მას შინაარსობრივად ვერ გაასაჩივრებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მსჯელობასაც ვერ დაიწყებს“.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა უპასუხა, რომ რეალური დავა საუბნო კომისიების ფარგლებში ხდება და საუბნო კომისიების ოქმების გასაჩივრების წესში არაფერი იცვლება. მისი თქმით, ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის არსი სხვაა და უბნებთან მიმართებით ის ახლაც ვერ გასაჩივრდება.
მათიკაშვილის განმარტებით, მოქმედი კანონით თითოეული უბნის გასაჩივრების შესაძლებლობა არსებობს და უბანზე არსებული ყველა დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს. მან დაამატა: „თუ იმხელა მხარდაჭერა არ გაქვთ, საზოგადოებას თქვენი ბედ-იღბალი არ აინტერესებს და იმდენი პოპულარობა არ გაგაჩნიათ, რომ დამკვირვებელი გყავდეთ და ამ დამკვირვებელმა კონკრეტული საჩივარი დაწეროს, ეს აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ ეს სისტემურ პრობლემაზე არ მეტყველებს!“
მათიკაშვილმა ისიც თქვა: „თუ დაინტერესებულმა მხარემ სამართლებრივ ჭრილში, სამართლებრივი დავის ფარგლებში საარჩევნო უბნების ეტაპი გამოტოვა და უბნის შემაჯამებელი ოქმი კანონიერ ძალაში შევიდა, შემდგომ პროცესებზე ამ საკითხებს აღარ უბრუნდებიან. ასე ხდება ყველგან - მთელს დემოკრატიულ სამყაროში!“
სტატიაში მოხსენიებული პირები











