ზელენსკი: „იალტა-2“ არ გვსურს, ევროპულ-რუსული უსაფრთხოების არქიტექტურა ევროკავშირისთვის სახიფათოა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გაიგო, ამერიკულ მხარეს ევროპულ-რუსული უსაფრთხოების არქიტექტურის იდეის განხილვა სურს, და ეს შესაძლოა სახიფათო იყოს.
„მოვისმინე გარკვეული უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ, რომ ამერიკულ მხარეს ევროპულ-რუსული უსაფრთხოების არქიტექტურის იდეის განხილვა სურს. ეს მარტივი არ არის და შესაძლოა, სახიფათოც იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მოლაპარაკებებში პირველ რიგში აქცენტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებასა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე უნდა გაკეთდეს.
„საფრთხის შემცველია ის, რომ მათ არ სურთ საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი. რუსეთს ვგულისხმობ. მათ სურთ, რომ ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის განხილვა დაიწყონ. ეს სახიფათოა. ეს ევროკავშირისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე ჩვენთვის. ჩვენ „იალტა-2“ არ გვსურს. ასეთი ფორმატისთვის მზად არ ვართ. არ გვსურს, რომ რუსეთმა ჩვენი გაყოფა მოახერხოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპული უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს ქმნის, რომელიც სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაეფუძნება.
ტრამპი თეთრ სახლში პირადად შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევს. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება შესაძლოა მალე გაფორმდეს და მასში, შესაძლოა, მთელი ევროპა იყოს ჩართული.
„ვერ გეტყვით, რაზე ვისაუბრე. უბრალოდ გეტყვით, რომ შეთანხმება იქნება, დიდი შეთანხმება იქნება და მასში უკრაინაზე მეტი მხარე იქნება ჩართული. შეიძლება მასში მთელი ევროპაც კი იყოს ჩართული. ეს იქნება დიდი და შესანიშნავი შეთანხმება, რომლითაც ყველა აღფრთოვანებული დარჩება“, - აღნიშნა ტრამპმა.
სტატიაში მოხსენიებული პირები











