კონფლიქტები

აფხაზეთში „გატეხილი ხიდის“ ავტორ ნუგზარ სართანიას შესვლა აუკრძალეს

აფხაზეთში „გატეხილი ხიდის“ ავტორ ნუგზარ სართანიას შესვლა აუკრძალეს

აფხაზეთში ქართული წიგნის „გატეხილი ხიდის“ („Сломанный мост“) გარშემო სკანდალი დაიწყო. გამოცემა 1992-1993 წლების ომსა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ეხება. აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა წიგნის ავტორს, ნუგზარ სართანიას, და გამოცემის მომზადებასა და დაბეჭდვაში დახმარების გამწევ პირებს აფხაზეთში შესვლა აუკრძალა.

დე ფაქტო სუს-ის მონაცემით, წიგნის ხუთი ეგზემპლარი 18 აგვისტოს ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აღმოაჩინეს. ისინი საქართველოდან შესულ Mercedes Vito-ს მარკის ავტომობილში იყო. მანქანას ენგურჰესის თანამშრომელი, გალის რაიონის სოფელ აბააქითის მცხოვრები ავთანდილ ბერაია მართავდა. მისი განმარტებით, წიგნები ავტორის თხოვნით გადაჰქონდა. ბერაიასთან პროფილაქტიკური საუბარი ჩატარდა. სუს-მა ეს 4 ნოემბერს დაადასტურა.

წიგნი საქართველოში ქართულ და რუსულ ენებზე, 250-ეგზემპლარიანი ტირაჟით დაიბეჭდა. ავტორი ნუგზარ სართანია წლების განმავლობაში ენგურჰესის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.

დე ფაქტო საინფორმაციო სააგენტო „აიაშარას“ განცხადებით, წიგნს გალის რაიონში ახალგაზრდებსა და სოფლის სკოლების მასწავლებლებს ურიგებდნენ. სააგენტომ ავტორი ისტორიის დამახინჯებაში დაადანაშაულა. მისი შეფასებით, წიგნში 1992-1993 წლების ომი ძირითადად საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირებად არის წარმოჩენილი, უარყოფილია კონფლიქტის ქართულ-აფხაზური ხასიათი, ხოლო მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებლობა აფხაზურ მხარეს ეკისრება. სააგენტო ამ ინტერპრეტაციას იდეოლოგიურ პროპაგანდად აფასებს.

დე ფაქტო სუს-მა წიგნის შინაარსსაც შეაფასა და განაცხადა, რომ გამოცემაში ომის შესახებ არასწორი ცნობებია, უარყოფითად არის შეფასებული აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნა და საუბარია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენაზე.

ამ ამბავს სოციალურ ქსელებში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთი მომხმარებელი წიგნის მთელი ტირაჟის კონფისკაციასა და განადგურებას, ასევე სისხლისსამართლებრივ დევნას მოითხოვს. კომენტარებში გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის შეზღუდვებისა და დეპორტაციის მოთხოვნებიც გაჩნდა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ