კონფლიქტები

ზელენსკი: მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე

ვოლოდიმირ ზელენსკი - ომი უნდა დასრულდეს - მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს თურქეთში შეხვდეს. ეს მან CNN Türk-თან ინტერვიუში თქვა და დასძინა, რომ ომი უნდა დასრულდეს და მას თურქეთის შუამავლობის იმედი აქვს.

ზელენსკის თქმით, ომი ცხელი ფაზიდან, სულ მცირე, დიპლომატიურ ფაზაში უნდა გადავიდეს. მისივე თქმით, ერდოღანთან მისი ურთიერთობა, ასევე ერდოღანის ურთიერთობა ტრამპთან და პუტინთან, შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. „დღეს დისკუსია კვლავ დაეთმო თურქეთში ლიდერების დონეზე სამმხრივი შეხვედრის ჩატარებას. რა თქმა უნდა, თუ თურქეთი ამის ორგანიზებას შეძლებს, სიამოვნებით დავთანხმდებით ამას“, - განაცხადა მან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს წინადადება აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის ტექნიკური ჯგუფების სამმხრივი შეხვედრის შესახებ აბუ-დაბიში. მისი თქმით, ეს პარალელური პროცესებია: ტექნიკური ჯგუფები შეხვდებიან ერთმანეთს, თუმცა უკრაინა ლიდერების შეხვედრასაც აუცილებელ პირობად მიიჩნევს, რადგან ზოგიერთი საკითხი ლიდერების დონეზე უნდა განიხილონ.

ზელენსკის განცხადებით, ტექნიკური ჯგუფების დღის წესრიგში იქნება ენერგეტიკული და საზღვაო ზავი და ტყვეების გაცვლა. ისინი განიხილავენ, რამდენად შესაძლებელია მათი განხორციელება და როგორ მოემზადონ ლიდერთა სამიტისთვის.

ლიდერთა სამიტის მთავარ საკითხად უკრაინის პრეზიდენტი უპირობო და სრული ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას და მისი მყარი მექანიზმით მონიტორინგს ასახელებს. მნიშვნელოვან თემებად დაასახელა უსაფრთხოების გარანტიები, უკრაინის აღდგენა, ორი ქვეყნის მომავალი, ხალხის ცხოვრების პირობები და ტერიტორიული საკითხი.

ტერიტორიებთან დაკავშირებით ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა მათ არ დათმობს და ვერ შეეგუება აზრს, რომ აღმოსავლეთი ტერიტორიები, მათ შორის რუსეთის დროებითი ოკუპაციის ქვეშ მყოფი ყირიმი, რუსეთს ეკუთვნის. მისი თქმით, ეს ეწინააღმდეგება უკრაინის ღირსებას, საზოგადოების ნებასა და კონსტიტუციას. რუსეთი სხვადასხვა შუამავლის მეშვეობით ცდილობს ამ აზრის მიტანას, თუმცა ეს „არც ჯანსაღი და არც ლოგიკური მიდგომაა“. ამიტომ უკრაინის პრიორიტეტია ცეცხლის შეწყვეტა არსებულ ფრონტის ხაზზე, რის შემდეგაც სხვა საკითხების განხილვა იქნება შესაძლებელი.

პუტინთან თურქეთში შეხვედრის შესახებ კითხვაზე ზელენსკიმ უპასუხა: „დიახ, მზად ვართ“. მისი შეფასებით, თურქეთს შეუძლია იყოს პრაქტიკული და რეალისტური შუამავალი, შეხვედრისას არცერთ მხარეს არ დაიჭერს და სრულფასოვანი შუამავლის როლს შეასრულებს. ზელენსკიმ დასძინა, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ