კონფლიქტები

Financial Times: პუტინი ცეცხლის შეწყვეტის პირობად დონეცკსა და ლუგანსკზე კონტროლს ითხოვს და უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებით იმუქრება

The Financial Times - ევროპაში უსაფრთხოების მიღწევაზე აშშ-ის ძალისხმევების ფონზე, პუტინი ულტიმატუმებს აყენებს და უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებით იმუქრება

პუტინი ცეცხლის შეწყვეტის წინასწარ პირობად უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე კონტროლის სრულ გადაცემას მოითხოვს და ამ ზამთარს უკრაინის ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სრული განადგურებით იმუქრება. ამის შესახებ The Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, პუტინი „უსაფრთხოების გარანტიების“ თემას მოლაპარაკებების გასაჭიანურებლად იყენებს. გარდა ამისა, ის უკრაინისგან დამატებით ტერიტორიულ დათმობებს ელის ნატოს ქვეყნებთან უსაფრთხოებაზე რაიმე შეთანხმების სანაცვლოდ.

გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ პუტინის პოზიცია ასე დაახასიათა: „თქვენს ინფრასტრუქტურას გავანადგურებ, სანაც არ დათანხმდებით. შემდეგი წლისთვის უკრაინას არ დარჩება არანაირი ინფრასტრუქტურა. ყველა ხიდი, პორტი, რკინიგზა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ელექსტროსადგური… განადგურებული იქნება“.

წყაროების ინფორმაციით, თეთრმა სახლმა აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების სამმხრივი შეხვედრის მომზადება გააქტიურა. შეხვედრა შემდეგ კვირას აბუ-დაბიში უნდა გაიმართოს. დახურულ მოლაპარაკებებში ჩართული წყაროები მოსკოვის მაქსიმალისტური პოზიციის გამო რეალური დაზავების მიღწევას სკეპტიკურად აფასებენ.

ევროპულმა ქვეყნებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს ტრამპისა და მისი მრჩევლების განცხადებების გამო, რომლებიც რუსეთის სპეცწარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. განცხადებების მიხედვით, მზადდება „დიდი შეთანხმება“, რომელიც მთელი ევროპის უსაფრთხოებას შეეხება. ევროპული ქვეყნები შიშობენ, რომ ეს მოსკოვს გავლენის სფეროს აღდგენის საშუალებას მისცემს და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებას ძირს გამოუთხრის.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ