კალასი: ომის დასრულების ნებისმიერმა შეთანხმებამ რუსეთს ხელახალი თავდასხმა უნდა აუკრძალოს

ომის დასრულების შესახებ ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა აღკვეთოს რუსეთის მიერ ძალის ხელახლა გამოყენება. ეს განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ვარშავაში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
კალასის თქმით, შეთანხმება არ უნდა იქნეს გამოყენებული რუსეთის მიერ პაუზისთვის, ხელახლა შეიარაღებისა და თავდასხმისთვის.
„ვერ ვიტყვით, უკრაინა და რუსეთი როდის და როგორ მიაღწევენ სამშვიდობო შეთანხმებას. შეგვიძლია ვთქვათ, რა არის საჭირო, რათა ის რეალური გახდეს“, - განაცხადა მან.
კალასის განმარტებით, ნებისმიერი შეთანხმების იმპლემენტაციისთვის საჭირო იქნება, რომ ევროკავშირი მისი ნაწილი იყოს: „უსაფრთხოების გარანტიებიდან, სანქციებიდან, აღდგენიდან, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებიდან დაწყებული, ევროკავშირის გვერდის ავლის გზა არ არსებობს“.
მისივე თქმით, ევროპას რუსეთთან დაკავშირებით ძირეული უსაფრთხოების ინტერესები აქვს. „მედიატორი არ ვართ, მტკიცედ ვართ უკრაინის მხარეს“, - თქვა კალასმა.
სტატიაში მოხსენიებული პირები











