გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა ვილნიუსში Magna Charta Universitatum 2020-ს მოაწერა ხელი

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი Magna Charta Universitatum 2020-ის ხელმომწერ უნივერსიტეტთა საერთაშორისო საზოგადოებას შეუერთდა. უნივერსიტეტის ინფორმაციით, ამით მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება აკადემიური თავისუფლების, უნივერსიტეტის ავტონომიისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის პრინციპებისადმი.
ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია 2026 წლის 16 ოქტომბერს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, ვილნიუსის უნივერსიტეტში გაიმართა.
დეკლარაციაზე ხელმოწერით უნივერსიტეტი საჯაროდ ადასტურებს, რომ მისი განვითარება საერთო აკადემიურ ღირებულებებსა და მათ ყოველდღიურ პრაქტიკაში განხორციელებას უნდა ეფუძნებოდეს.
უნივერსიტეტისთვის ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანია: აკადემიური თავისუფლება და პასუხისმგებლობა, ანუ თავისუფალ, არგუმენტებულ დისკუსიაში მონაწილეობა და იდეების განვითარება; ინსტიტუციური ავტონომია, ანუ დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მნიშვნელობის დადასტურება; სტუდენტზე ორიენტირებული გარემო, რომელიც მრავალფეროვნების პატივისცემას, სამართლიან მიდგომებსა და უნივერსიტეტის ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობებს გულისხმობს; საერთაშორისო თანამშრომლობა, ანუ უნივერსიტეტებს შორის დიალოგისა და გამოცდილების გაცვლის გაღრმავება; და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა, რაც განათლებისა და კვლევის საზოგადოების საჭიროებებთან დაკავშირებას ნიშნავს.
უნივერსიტეტი ამ პრინციპებს სწავლების, კვლევის, მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების შემდგომი განვითარების ორიენტირად განიხილავს. ხელმომწერთა საზოგადოებაში მონაწილეობა კი გამოცდილების გაზიარებისა და ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის დამატებით სივრცეს ქმნის.
Magna Charta Universitatum უნივერსიტეტების ფუნდამენტური ღირებულებებისა და პასუხისმგებლობების განმსაზღვრელი საერთაშორისო დეკლარაციაა. მას პირველად 1988 წელს, ბოლონიის უნივერსიტეტის 900 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწერა ხელი. 2020 წლის განახლებული ვერსია თავდაპირველ პრინციპებს ინარჩუნებს და თანამედროვე უნივერსიტეტების უფრო ფართო საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას ასახავს.
დეკლარაციის საფუძველია აკადემიური თავისუფლება, ინსტიტუციური ავტონომია, სწავლებისა და კვლევის ერთიანობა, თავისუფალი აზროვნება და ღია დიალოგი. იგი ასევე ხაზს უსვამს ინკლუზიურობას, თანასწორ შესაძლებლობებსა და უნივერსიტეტების პასუხისმგებლობას საზოგადოების კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების მიმართ.











