პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: კანონის უზენაესობის შეფასებით საქართველომ ევროპაში მე-15 ადგილი დაიკავა

„ქართული ოცნება“ - სასამართლოს დამოუკიდებლობით და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების (WGI) ფარგლებში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევის გადამუშავებული შედეგები გამოაქვეყნა. მათი თქმით, კანონის უზენაესობის მიმართულებით, 100%-იანი შეფასების სისტემით, საქართველომ 59% დააგროვა და ევროპაში მე-15 ადგილი დაიკავა.

„ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველომ გაასწრო ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირისა და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს, მათ შორის დიდი შვიდეულის წევრ 2 ქვეყანას. ესენია: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, ლატვია, ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვენია, თურქეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და ხორვატია.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტურობის, კორუფციის კონტროლის, კანონის უზენაესობისა და რეგულაციების ხარისხის მიმართულებებით. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური გამოკითხვის საფუძველზე კანონის უზენაესობა ორი მიმართულებით შეფასდა: სასამართლოს დამოუკიდებლობა და დავების გადაწყვეტისას სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობა.

„ქართული ოცნების“ თქმით, მსოფლიო ბანკმა გადამუშავებული სარეიტინგო ანგარიში ექსკლუზიურად, გლობალური მმართველობის ინდიკატორების პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ