შალამბერიძე საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე: ეს თავიდან ბოლომდე ტექნიკური ცვლილებებია

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზვიად შალამბერიძემ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არის „თავიდან ბოლომდე ტექნიკური ცვლილებები, რომელთა ერთადერთი მიზანი პროცესის გამარტივებაა“.
შალამბერიძის განმარტებით, ელექტრონულმა სისტემამ საარჩევნო პრაქტიკა შეცვალა და ვადების ოპტიმიზაციის შესაძლებლობა გააჩინა. მან განაცხადა, რომ არჩევნებამდე დაწყებული და არჩევნების შემდეგ კიდევ 26 დღე გრძელი საარჩევნო პერიოდი 11 დღით შემცირდა. მისი თქმით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ პერიოდში შემოსული ყველა საჩივარი პირველ 15 დღეში განიხილებოდა, ამიტომ პერიოდის 26 დღემდე გაგრძელება აღარ იყო საჭირო.
დეპუტატის თქმით, შემცირდა ანგარიშგების პერიოდიც, 12 დღიდან 5 დღემდე. ასევე განისაზღვრა სატელევიზიო ეთერის განაწილება და ის, თუ ვინ უნდა გადასცეს და გააშუქოს სატელევიზიო რეკლამები.
პარლამენტი „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება არჩევნების გასაჩივრების წესებს ეხება. არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასასაჩივრებლად შესაძლოა კონკრეტული პირობები დაუწესდეს, რომლის გარეშეც სასამართლო სარჩელს წარმოებაში არ მიიღებს.
კანონში ახალი მუხლი ემატება. მისი მიხედვით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოქმში არ არის ასახული, ან არასრულად ან შეცდომითაა ასახული საუბნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში მოცემული მონაცემები, რომლებიც ცესკოს ოქმში უნდა შევიდეს. იგივე ეხება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოების მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების შედეგებს. ამ მოთხოვნების დარღვევით შეტანილი სარჩელი წარმოებაში არ მიიღება. თუ სარჩელი მიღებულ იქნება, სასამართლო მხოლოდ მითითებულ გარემოებებზე იმსჯელებს და დარღვევის დადგენის შემთხვევაში ცესკოს ოქმის შესაბამისი მონაცემების გასწორებას დაავალებს.
ცვლილებით, საოლქო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მეექვსე დღისა შემთხვევითი შერჩევით არაუმეტეს ხუთ უბანზე შედეგების ხელახალი გადათვლის ვალდებულება აღარ ექნებათ. შესაბამისი მუხლი კოდექსიდან ამოდის.
იცვლება შედეგების შეჯამების წესიც. პარლამენტის, საკრებულოებისა და მერების არჩევნების საბოლოო შედეგებს საოლქო კომისიების ნაცვლად ცესკო შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმსაც ის გამოსცემს. შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება: პარლამენტის, დედაქალაქისა და ყველა მუნიციპალური ორგანოს არჩევნების შედეგები კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღეს შეჯამდება.
იცვლება საარჩევნო სუბიექტებისა და კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნის ვადებიც. ახალარჩეული საკრებულოს, საკრებულოს წევრებისა და მერების უფლებამოსილების დაწყების ვადა შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-14 დღის ნაცვლად მე-9 დღე იქნება.
ასევე იცვლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გამოყენებული სახსრების შესახებ ანგარიშის წარდგენის ვადა. სუბიექტი, რომელიც წინასწარი მონაცემებით კანონით დადგენილ ხმათა საჭირო რაოდენობას მიიღებს, ანგარიშს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-5 დღისა წარადგენს. მოქმედი კანონით ეს ვადა მე-12 დღეა.
კიდევ ერთი სიახლის მიხედვით, ცესკოსა და საოლქო კომისიებისთვის მინიჭებული რიგი უფლებამოსილებები ამ ორგანოების თავმჯდომარეების უფლებამოსილება ხდება. სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის შესახებ განკარგულებას კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს. საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებლების დანიშვნის განკარგულებას კი ცესკოს თავმჯდომარე გასცემს.











