საზოგადოება

იოსელიანი: ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის ყველა მცდელობაზე უარს ვიღებდით

ომბუდსმენი - ყოველ ჯერზე, როცა გვქონდა მცდელობა ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის, ვიღებდით უარს - თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ ჩვენ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაში, სრულ მზადყოფნას

სახალხო დამცველის თქმით, ყოველ ჯერზე, როდესაც ელენე ხოშტარიასთან შეხვედრას ან მისი საქმით დაინტერესებას ცდილობდნენ, უარს იღებდნენ. ლევან იოსელიანმა ეს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

იოსელიანმა აღნიშნა, რომ ეს ხოშტარიას უფლებაა და მისი პერსონალური დამოკიდებულებაა ომბუდსმენის მიმართ. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გააკეთებს და ვერავის აიძულებს, მასთან ითანამშრომლოს.

ომბუდსმენი ამბობს, რომ თუ ელენე ხოშტარია დამოკიდებულებას გადახედავს და ჩათვლის, რომ სახალხო დამცველის აპარატს მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა შეუძლია, სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.

„ელენე ხოშტარიას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და მალე გათავისუფლებას, ეს არის ჩემი პოზიცია, რაც შეიძლება ამ ადამიანის მიმართ გამაჩნდეს მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი არჩევის პირველი დღიდან უარს აცხადებს ჩემთან, როგორც სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე, უარს აცხადებს ჩემს აპარატთან თანამშრომლობაზე“, - განაცხადა იოსელიანმა.

ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით ომბუდსმენმა თქვა, რომ ამას არა მხოლოდ ხოშტარიას, არამედ ყველა მსჯავრდადებულს უსურვებს. მისი თქმით, დიდი ხანია ემხრობა პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების გააქტიურებას და ამ რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდას, რის შესახებაც ანგარიშშიც წერს. ეს, მისივე სიტყვებით, ყველა პატიმარს და ხოშტარიასაც ეხება.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ