იოსელიანი: ფეიქრიშვილმა ვრცელი ინფორმაცია მოგვაწოდა, რომელიც საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნა

სახალხო დამცველის თქმით, პატიმარმა დავით ფეიქრიშვილმა ომბუდსმენის წარმომადგენელს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნა. ლევან იოსელიანმა ეს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
იოსელიანმა თქვა, რომ მსჯავრდადებულის ან ბრალდებულის შესახებ ხშირად ატყდება აჟიოტაჟი და მედია მას მშობლის ან ადვოკატის ნათქვამის დადასტურებას სთხოვს. მისი თქმით, ეს ვერ მოხდება, სანამ ის თავად არ შევა და ყველაფერს ფიზიკურად არ ნახავს. ომბუდსმენი იმედოვნებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა.
„ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ სიტუაცია არ შეესაბამება იმას, რასაც ამბობენ. მე მშობლებს არც ვპასუხობ ხოლმე იმიტომ, რომ დედის ემოციური მდგომარეობა ჩემთვის გასაგებია და მან შეიძლება რაღაც გადაჭარბებულად თქვას ჩემს მიმართაც და სხვის მიმართაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ რაღაც ემოციურ ფონს უნდა ავყვე და არ ვთქვა ის, რაც რეალურად არის“, - განაცხადა იოსელიანმა.
მისი განმარტებით, ზარის შემოსვლისთანავე ფეიქრიშვილი მოინახულეს. პირველად მან ომბუდსმენის წარმომადგენელთან შეხვედრაზე უარი თქვა, პატიმრის უარის შემთხვევაში კი სახალხო დამცველის აპარატი ძალით ვერ შევა. მეორე დღეს, როცა ფეიქრიშვილი „ვივამედში“ გადაიყვანეს, იოსელიანმა თავისი წარმომადგენელი გაგზავნა და მასთან შეხვედრა შედგა.
„მეორე დღეს უკვე, ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის იყო საინტერესო და ალბათ, გამოძიებისთვისაც საინტერესო იქნება, ყველაფერზე ვრცელი ინფორმაცია მოგვაწოდა, რომელიც საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნა და იმედი მაქვს, რომ ეს გამოძიება მივა ბოლომდე. ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კითხვებს პასუხი გაეცეს. თუ არ გაეცემა, ამას ჩვენი მხრიდან შესაბამისი შეფასება მოჰყვება“, - თქვა იოსელიანმა.











