Politico: ტრამპი ლიეტუვას ბელარუსული სასუქის სანქციების გაუქმებისკენ უბიძგებს

დონალდ ტრამპი ზეწოლას ახდენს ლიეტუვაზე, რათა მან ბელარუსული სასუქის წინააღმდეგ სანქციები გააუქმოს. ამის შესახებ გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, აშშ ცდილობს, სასუქის კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპონენტთან, კალიუმთან, დაკავშირებით კანადაზე დამოკიდებულება შეამციროს და ამერიკელი ფერმერებისთვის ხარჯები დაზოგოს.
ოთხი ევროპელი ოფიციალური პირის თქმით, ბელარუსის საკითხებში აშშ-ის სპეცწარმომადგენელი ჯონ კოული ბოლო კვირებში ლიეტუველ დიპლომატებთან „ნიადაგს სინჯავდა“ ბელარუსიდან საქონლის ბლოკადის შემსუბუქებაზე. ეს ბლოკადა ევროკავშირის სანქციების ნაწილია ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ. სანქციები ევროკავშირის პორტებს ბელარუსული საქონლის გადაზიდვას უკრძალავს, თუმცა ეს ზომები ყოველ 12 თვეში ერთხელ უნდა გახანგრძლივდეს.
ლიეტუვას 2027 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა გადაეცემა. თეორიულად მას შეუძლია, ვეტო დაადოს სანქციების მორიგ გახანგრძლივებას, რომელიც თებერვალშია დაგეგმილი, და ამით სანქციების ვადა ამოიწურება. თუმცა ლიეტუვა ევროკავშირში უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირეა.
„ბოლო კვირების განმავლობაში დონალდ ტრამპის გუნდმა გაააქტიურა ლიეტუველებთან კონტაქტი“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
ორი ოფიციალური პირის თქმით, კოული წელიწადზე მეტია ლიეტუვის მთავრობაზე ყველა დონეზე ახდენს ზეწოლას, მას შემდეგ, რაც პირველად ეწვია მინსკს.
„ისინი ზრდილობიანად ახდენენ ზეწოლას, მაგრამ ჩვენ ცხადად ვეუბნებით: „არა, ჯანდაბა“. თუ ამერიკელებს ისტორიიდან გაკვეთილების გამოტანა არ შეუძლიათ, მაშინ ჩვენ მტკიცედ უნდა დავდგეთ“, - განაცხადა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის ოფიციალურმა პირმა.











