ხაბეიშვილი ხოშტარიას: ნამდვილი მებრძოლი, უშიშარი, შეუპოვარი და გაუტეხელი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიას სოლიდარობას უცხადებს. მისი თქმით, ხოშტარია „ნამდვილი მებრძოლი, უშიშარი, შეუპოვარი და გაუტეხელია“. ეს ხაბეიშვილის საპატიმროდან გამოგზავნილ წერილშია.
ხაბეიშვილი წერს, რომ თავისუფლებაზე მყოფი უამრავი ადამიანი ინატრებდა ხოშტარიას ასეთ უშიშარ ხასიათს. მისი განცხადებით, ხოშტარია რომ ახლა თავისუფლებაზე ყოფილიყო, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან იქნებოდა „რუპორით ხელში“.
„დარწმუნებული ვარ, ახლა რომ თავისუფლებაზე იყოს, ბევრისგან განსხვავებით ბათუმში იქნებოდა - მიკროფონით, რუპორით ხელში და სულ რომ მარტო ყოფილიყო სიმშვიდე და კომფორტი არ ექნებოდა ქოცებს „სასამართლოს“ გარეთ! მარტო ააწრიალებდა იქაურობას! ამიტომაც არის მძევალი…“ — ნათქვამია ლევან ხაბეიშვილის წერილში.











