გორდულაძე გვარამიას: ივანიშვილს ბიუჯეტის თანხა არასდროს მიუღია, პირადად ავსებდა ბიუჯეტს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა. გორდულაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს თავისი მოღვაწეობის მანძილზე ბიუჯეტის თანხა არასდროს მიუღია და წლების განმავლობაში პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს, მაშინ, როცა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში ხაზინას პრობლემები ჰქონდა.
გორდულაძე აცხადებს, რომ გვარამიამ ივანიშვილის საქველმოქმედო მოღვაწეობისთვის ჩრდილის მიყენებაც სცადა. მისი შეფასებით, გვარამიამ ისეთი რამ „იკადრა“, რაც მისნაირი ფიგურისთვისაც კი შეუფერებელია.
„პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს მისი მოღვაწეობის მანძილზე არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების მანძილზე პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს, როდესაც სწორედ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხაზინას პრობლემები ჰქონდა“, - განაცხადა გორდულაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე პირადი სახსრებით, რომლის არც ერთი თეთრი საქართველოში არ უშოვია, ხელფასებს უხდიდა პედაგოგებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, პარლამენტის წევრებსა და ათასობით საჯარო მოხელეს, რათა ინსტიტუციები არ ჩამოშლილიყო. გორდულაძე ამბობს, რომ ივანიშვილმა ჯარსა და პოლიციას თანამედროვე ტიპის ყაზარმები და სამუშაო შენობები აუშენა, ძალოვანი სისტემა კი ავტომანქანებით, სამხედრო ამუნიციითა და საჭირო ტექნიკით სრულად აღჭურვა.
გორდულაძემ დასძინა, რომ ივანიშვილმა პირადი სახსრებით 400 სკოლის მშენებლობა და განახლება დააფინანსა, რადგან მშობლები ბავშვებს სკოლებში სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დიდი რისკების გამო ვერ უშვებდნენ. მისი თქმით, თანხა ივანიშვილმა პირდაპირ ბიუჯეტში გადარიცხა, შემდეგ კი გვარამიას ხელისუფლება სკოლების განახლებით იწონებდა თავს.
გორდულაძის განმარტებით, ივანიშვილსა და მის ოჯახს ეს არასდროს ჩაუთვლია საქველმოქმედო საქმიანობად, რადგან ეს ხარჯები საქართველოს ბიუჯეტის მიერ გასაწევი თანხა იყო, რის საშუალებაც მაშინ არ არსებობდა. ბიუჯეტის ნაცვლად ივანიშვილმა პირადად დააფინანსა ქვეყნის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჯარო სისტემა.
გორდულაძე ამბობს, რომ ივანიშვილი პირადი სახსრებით აფინანსებდა და აფინანსებს კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებს. მისი თქმით, ივანიშვილის მიერ საქართველოში განხორციელებული ქველმოქმედება ორნახევარ მილიარდ დოლარს აღემატება.
გორდულაძის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ მთელი ქონება და აქტივები საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცა და დღესაც ფონდი საქართველოში ასობით საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს.
„მართალია, ჩვენი საზოგადოებისათვის ეს ყველაფერი კარგად არის ცნობილი, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნისათვის გაღებული მატერიალური, პოლიტიკური თუ სოციალური ქველმოქმედების შესახებ, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე გვარამიას უტიფრობა უპასუხოდ არ დამეტოვებინა“, - განაცხადა გორდულაძემ.











