მსოფლიო

მირზოიანი: აზერბაიჯანში დაკავებული სომხების მოსანახულებლად პარტნიორ ქვეყნებს მივმართეთ, შედეგი არ ყოფილა

მირზოიანი: აზერბაიჯანში დაკავებული სომხების მოსანახულებლად პარტნიორ ქვეყნებს მივმართეთ, შედეგი არ ყოფილა

სომხეთმა პარტნიორ ქვეყნებს სთხოვა, მოენახულებინათ აზერბაიჯანში დაკავებული სომხები, თუმცა მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია. ეს განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ეროვნულ კრებაში მთავრობის საათზე, დეპუტატის შეკითხვაზე პასუხისას.

დეპუტატმა მინისტრს ჰკითხა, საერთაშორისო სამართლის რომელი მექანიზმებით მიმართა სომხეთმა მესამე ქვეყნებს და რატომ არ დაკმაყოფილდა ეს მოთხოვნები. მან მირზოიანის ადრინდელი განცხადებაც გაიხსენა, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანმა შუამავალ ქვეყნებს ამ ძალისხმევის საპასუხოდ უთხრა, რომ შორს დაეჭირათ თავი.

მირზოიანმა განმარტა, რომ აზერბაიჯანის ეს პასუხი სომხეთს კი არა, შუამავალ ქვეყნებს ეხებოდა. „მესამე ქვეყნებს უთხრეს – შორს დაიჭირეთ თავი“, – თქვა მან.

მინისტრის თქმით, საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო, რომელსაც რომელიმე ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობა არ აქვს, პარტნიორ ქვეყანას სთხოვს, მის მოქალაქეებს საკონსულო დახმარება გაუწიოს, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულოს. სომხეთმა საერთო პარტნიორებს სწორედ ამ გზით მიმართა, თუმცა ინიციატივა უშედეგო აღმოჩნდა.

მირზოიანმა თქვა, რომ აზერბაიჯანში დაკავებული სომხების საკითხი სომხეთის მუდმივი დღის წესრიგის ნაწილია. მისი განმარტებით, ყველა გადადგმული ნაბიჯის გასაჯაროება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

„ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, რომელთა შესახებაც ამ ტრიბუნიდან შემიძლია ვისაუბრო, და გადავდგით ისეთებიც, რომლებზეც აქ საუბარი არ მსურს, რადგან სხვა ქვეყნების დასახელება მომიწევს და შესაძლოა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო ისინი. ამის გაკეთება არ მინდა, რადგან ეს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებს დააზიანებს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საკითხის სენსიტიურობის გამო ყურადღება შედეგზე უნდა იყოს გამახვილებული. „რატომ არ მიყვარს ამაზე მუდმივად საუბარი? იმიტომ, რომ ეს იმდენად მგრძნობიარე საკითხია, ან არსებობს შედეგი, ან არ არსებობს“, – აღნიშნა მირზოიანმა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ