ხორგუანი: აზარტული თამაშების კანონი კონკრეტული ბიზნეს-ჯგუფების ლობირებაა

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების დამტკიცება კონკრეტული ბიზნეს-ჯგუფების ლობირებაა. მისი თქმით, ამას სულ უფრო მეტი ოჯახის გაუბედურება მოჰყვება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში ხდება კატასტროფა, რადგან თამაშზე დამოკიდებულება ძალიან პატარა ასაკიდან იწყება.
ხორგუანმა ცინიზმი და უტიფრობა უწოდა შოთა ბერეკაშვილის განცხადებას, რომ საერთაშორისო აზარტული ტურნირი არატურისტულ სეზონზე ტურისტების მოზიდვას ემსახურება და ასეთი ტურნირები ევროპის ქვეყნებშიც ტარდება. ხორგუანის თქმით, ქვეყანას ტურისტების მოსაზიდად ბევრად მეტი პოტენციალი აქვს, თუმცა ინფრასტრუქტურა გაუმართავია და ჯერ ეს პრობლემები უნდა აღმოიფხვრას. მისივე შეფასებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს არ უვლიან.
„პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს იყო კონკრეტული ბიზნეს-ჯგუფების ლობირება, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ იმიტომ, რომ საერთოდ არაფერი აინტერესებთ, მთავარია, თავიანთი ინტერესი დაიკმაყოფილონ“, - განაცხადა ხორგუანმა.
კითხვაზე, რომელი პოლიტიკური ფიგურების მხრიდან ხედავს სათამაშო ბიზნესის ლობირებას, დეპუტატმა თქვა, რომ ვარაუდებით ვერ ისაუბრებს, „მაგრამ პირდაპირ რასაც ვუყურებ და რაც არის, ეს არის თავად შოთა ბერეკაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა აზარტულ თამაშებს“. ხორგუანმა აღნიშნა, რომ ბერეკაშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს ხელმძღვანელობს.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება მანიპულაციას მიმართავს, რათა ტარიფების ზრდამ საზოგადოებაში პროტესტი არ გამოიწვიოს. ხორგუანის განცხადებით, ქვეყანაში არ არის ენერგოპოლიტიკა, რომელიც ტარიფის შემცირებასა და ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ბოლო წლებში კი რუსეთის გაზზე დამოკიდებულება გაორმაგდა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ იცის, რომ ტარიფის გაზრდა დიდ პროტესტს გამოიწვევდა, ამიტომ სთავაზობს სქემას, რომლის მიხედვითაც, ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის, ვინც ნაკლებს, ნაკლებს. ხორგუანმა დაზოგვის კულტურის შემოღებაზე საუბარიც ცინიზმად და უტიფრობად შეაფასა: მისი თქმით, მოქალაქეები ისედაც ზოგავენ და საკვებზე ზოგავენ ფულს, რომ გათბობა ხანდახან მაინც ჩართონ. „მილიონერმა დეპუტატმა უნდა ასწავლოს გაჭირვებულ ადამიანს, როგორ დაზოგოს და როგორ იყოს უფრო ყაირათიანი და ხელმომჭირნე? ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა ისედაც იძულებით ხელმომჭირნეობაში ცხოვრობს“, - განაცხადა მან.











