იტალიელი სენატორი სენსი ხოშტარიას და ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

იტალიის სენატის სხდომაზე დემოკრატიული პარტიის (PD) სენატორმა ფილიპო სენსიმ საქართველოს ხელისუფლების მისამართით მწვავე განცხადებები გააკეთა. მან იტალიის მთავრობას მოუწოდა, შეწყვიტოს „შემრიგებლური“ დიპლომატიური შეხვედრები საქართველოს მთავრობასთან და კატეგორიულად მოითხოვოს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
სენსიმ ვრცლად ისაუბრა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე. მისი თქმით, საქართველოს რეჟიმმა ოპოზიციონერი ლიდერი გამოგონილი მიზეზით წელიწად-ნახევრიანი პატიმრობით დასაჯა, ციხეში კი მისი ჯანმრთელობა სწრაფად უარესდება.
„დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ შეჰყავთ ის სამედიცინო დაწესებულებაში ინვალიდის ეტლით, მოკლე თმით, ძალიან დაღლილი იერით. თუმცა მაინც პოულობს ძალას დაიყვიროს, რომ გაუძლებს და იბრძოლებს ბოლომდე, შემდეგ კი გამარჯვების ნიშნად ორ თითს აღმართავს და წინააღმდეგობის ნიშნად მუშტს კრავს“, — განაცხადა იტალიელმა სენატორმა.
სენსიმ ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს და აღნიშნა, რომ უკვე 700 დღეა, ახალგაზრდები თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს მართავენ. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების ფონზე ქვეყნის უწყებები მთავარი ოპოზიციური პარტიების გაუქმებას გეგმავენ, რაც რეჟიმისთვის სასურველ შედეგს წარმოადგენს.
სენატორმა იტალიის მთავრობის ამჟამინდელი პოზიციაც გააკრიტიკა. მისი თქმით, როცა საქართველო ევროპელებს „შემრიგებლურ“ სახეს აჩვენებს და იტალიის მთავრობაშიც პოულობს დიალოგისა და თანამშრომლობის სივრცეს, ეს ყველაფერი ასობით დაპატიმრებული ადამიანის თავისუფლების ფასად ხდება.
„რასაც ვითხოვ, არის ის, რომ ჩვენმა მთავრობამ, დიპლომატიური შეხვედრების გამართვის ნაცვლად, მტკიცედ მოითხოვოს ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის და ყველა იმ ადამიანის გათავისუფლება, რომლებიც ციხეში საკუთარი იდეების გამო იმყოფებიან იმ რეჟიმის მიერ, რომელსაც საქართველოსთვის ბელარუსული სცენარი აქვს გამიზნული“, — დასძინა სენსიმ.
სიტყვის ბოლოს მან სოლიდარობა გამოუცხადა ქართველ მომიტინგეებს, რომლებიც ქუჩაში წინააღმდეგობას განაგრძობენ, ხოლო ელენე ხოშტარია შეუდრეკლობის მაგალითად დაასახელა. გამოსვლა ქართული სიტყვით „გაუმარჯოს!“ დაასრულა.
ფილიპო სენსი იტალიელი პოლიტიკოსი და ყოფილი ჟურნალისტია, იტალიის სენატის წევრი, რომელიც მემარცხენე-ცენტრისტულ „დემოკრატიულ პარტიას“ წარმოადგენს. წარსულში იგი იტალიის პრემიერ-მინისტრების, მატეო რენცისა და პაოლო ჯენტილონის პრესსპიკერი იყო.











