პოლიტიკა

ბოჭორიშვილი: ხუთი პარტიის აკრძალვის შემთხვევაშიც შეიქმნება ახალი გაერთიანებები

ბექა ბოჭორიშვილი - თუ აიკრძალება 5 პარტია, იქნება მცდელობა, რომ შეიქმნას სხვა პარტია, ახალი ტიპის გაერთიანებები - ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობა თავისი პროტესტითა და თავისი მოთხოვნით ცვლილებებისადმი არ

„ჯერ საქართველოს“ წევრმა ბექა ბოჭორიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რომ პროტესტი პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, თუმცა გადამწყვეტი არჩევნების თარიღია, როცა მოსახლეობა არჩევანს გააკეთებს. მისი თქმით, უამრავი მაგალითი არსებობს, როცა თუნდაც ერთი ხმა გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ბოჭორიშვილმა სერბეთში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრა და საქართველოს ვითარებასთან პარალელი გაავლო. მისი განმარტებით, აუცილებელია, საზოგადოება კონსოლიდირდეს და გაიაზროს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ ხმას.

„ჩვენ ვნახეთ არჩევნები სერბეთში და ვნახეთ ის, თუ როგორ მწიფდებოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში პროტესტი და რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი. ამის გამომწვევი მიზეზი იყო ზუსტად ის მთელი რიგი პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ქმედებები, რომელმაც საზოგადოება მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდნენ სტუდენტები, რომელთა ლიდერიც არ იყო პოლიტიკური წარსულის მქონე პირი“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, სერბეთში არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანი მივიდა. ქუჩის პროტესტი მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ საზოგადოება არ კონსოლიდირდა, არჩევნებზე არ მივიდა და პოზიცია არ დააფიქსირა, ყველაფერი სტატიკური იქნება.

კითხვაზე, რა გამოსავალი რჩება ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს ხუთი პარტიის აკრძალვის შემთხვევაში და რამდენად კონკურენტული იქნება არჩევნები აკრძალული პარტიების გარეშე, ბოჭორიშვილმა ალტერნატიული პარტიების შექმნის იდეასა და ახალი მიდგომების შემუშავებაზე ისაუბრა. მაგალითად IRI-ის კვლევა მოიყვანა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის უმრავლესობას ქვეყანაში ცვლილებები უნდა.

„მაგალითად მოვიყვან იმ კვლევას, რომელიც ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ დაუკვეთა და სადაც მოსახლეობის, დაახლოებით, 60% ქვეყანაში ცვლილებების მომხრეა. ეს რომელიმე პარტიის მომხრეობას არ ნიშნავს, პირიქით, ამ კვლევაში ძალიან საინტერესო ფაქტია ის, რომ პოლიტიკური პარტიების რეიტინგი აბსოლუტურად ქვემოთ იყო ჩაწეული, მაგრამ ცვლილებები უნდათ“, - თქვა მან.

ბოჭორიშვილის შეფასებით, თუ ხუთი პარტია აიკრძალება, იქნება მცდელობა, შეიქმნას სხვა პარტია და ახალი ტიპის გაერთიანებები, შემუშავდეს ახალი მიდგომები. „ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობა თავისი პროტესტითა და თავისი მოთხოვნით ცვლილებებისადმი არსად არ წავა“, - განაცხადა მან.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ